საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ მის გუნდს ევროპის 2024 წლის შესარჩევ შეხვედრაში, შოტლანდიასთან, დატბორილ „ჰემპდენ პარკზე” თამაში უეფამ აიძულა. შეხვედრა თქეშის გამო დაახლოებით ერთი საათით შეწყდა. განახლების მერე მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს. მსაჯის დამატებულ წუთებში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ააცილა.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 2000-01 წლების გამარჯვებული მომხდარით საშინლად უკმაყოფილო გახლდათ. ის გაღიზიანებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ უამრავი ლაპარაკის, მოედნის შემოწმებისა და სხვა მანიპულაციების მიუხედავად მათ გამოუცხადეს, რომ მოედანზე უნდა გასულიყვნენ და მაინც ეთამაშათ.
„არ მესმის საერთოდ რატომ ჩატარდა შეხვედრა, რადგან დაიწყო თუ არა, ხუთ წამში ნათელი გახდა რომ ამ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო.
მსაჯმა თავი მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგო, რადგან თამაში პირველი გოლის შემდეგღა შეაჩერა. მას შეეძლო ეს გაეკეთებინა უფრო ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე და სტივ კლარკმა ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ მატჩი უნდა შეწყვეტილიყო. ეს დაახლოებით მესამე წუთზე მოხდა. მსაჯს მატჩი მანამდე რომ შეეჩერებინა, ყველაფერი გაცილებით იოლად გაგრძელდებოდა.
ჩვენ, ორივე მწვრთნელმა, მივმართეთ მეოთხე არბიტრს, მან კი გვიპასუხა, რომ შეხვედრის შეწყვეტა შეუძლებელი იყო. „სანამ მოედანზე დელეგატი არ ჩამოვა, მანამდე ვერ შევჩერდებითთ”, — გვითხრა მან. ამის მერე კი გამოგვიცხადეს, რომ თამაშის შეჩერების უფლება მხოლოდ მსაჯს ჰქონდა. მოხდა ბევრი სისულელე და იყო კერძო საუბრები.
საბოლოოდ, შეხვედრა განვაახლეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს უეფას დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა.
მე, როგორც მწვრთნელს, ყველაზე მეტად გული კომუნიკაციის ნაკლებობაზე მწყდება. არ გეუბნებიან რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და შესაბამისად შენს არგუმენტებსაც ვერ ეუბნები. არადა, ეს ყველაფერი უნდა აუხსნა შენს ფეხბურთელებს და ელოდო, ელოდო, ელოდო. შეგცივდეს და ელოდო.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოგვექცნენ როგორც ნივთებს: ხმა გაიკმინდე და რასაც გეტყვიან ის გააკეთეთ”.
სანიოლმა თქვა, რომ ტყუილია, თითქოს მისი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებას უარობდნენ.
„ერთადერთი, რასაც ვითხოვდით კომუნიკაცია იყო, რადგან ჩვენს მოთამაშეებთან უნდა მიგვეტანა ამბავი.
ასე მაგალითად, ბოლოს უეფას დელეგატმა გვითხრა, რომ თამაში 6 წუთში განახლდებოდა. როგორ უნდა გვეთქვა ეს ფეხბურთელებისთვის, რომელთაც უკვე ხუთსაათნახევრის მშივრები იყვნენ? როგორ მიბრძანებთ ამის ახსნას პროფესიონალი ფეხბურთელისთვის?”