შაბათს, თბილისის დროით 23 საათზე, ჩილეს ცნობილ ატლანტიკისპირა კურორტ ვინია დელ მარის სარაგბო სტადიონზე დაიწყება სამოას და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი. ეს იქნება ახალდაწყებული „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ ბორჯღალოსნები ისევე, როგორც ერთი კვირის წინ მონტევიდეოში, კვლავაც ფავორიტის როლს მოირგებენ.
ჯერ ერთი – საქართველო რეიტინგში სამოაზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას, მეორე კი ისაა, რომ ამ გუნდების 6 დაპირისპირებიდან ქართველებს 3 აქვთ მოგებული, 2 – წაგებული და ერთიც ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ კუნძულელთა პირველი გამარჯვება პირველივე ჯახში, 2003 წლის მსოფლიო თასზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე და უკანასკნელი – ბოლო დაპირისპირებაში, 2022-ში თბილისის „დინამო არენაზე“ – 19:20. ის მარცხი ძალზე მოულოდნელი იყო და ქართული რაგბისთვის გარკვეულწილად საბედისწეროც კი – ბორჯღალოსნებს რომ მოეგოთ, აღარ დაკარგავდნენ უამრავ სარეიტინგო ქულას და დიდი ალბათობით, იაპონიასთან საკონროლო ტესტიც აღარ გახდებოდა საჭირო იმის დასადგენად, თუ ვინ იმსახურებდა ერთა ჩემპიონატში თამაშს და ვინ – ერთა თასზე…

მოკლედ, ქართველებს ის მარცხი გველის ნაკბენივით ახსოვთ და ეჭვგარეშეა, ჩილეში სამაგიეროს გადახდის დიდი მოტივაცია ექნებათ.
დავით ნინიაშვილი კაპიტნის რანგში გუნდს მინდორზე კარიერაში მესამედ კი გაიყვანს, მაგრამ უფრო ღირსშესანიშნავი ამბავი ისაა, რომ სამოასთან შეხვედრა „ნინისთვის“ 50-ე იქნება მის სანაკრებო ისტორიაში. თანაც, კუნძულელებთან მთავარი ქართველი ვარსკვლავი ჩვეულ პოზიციაზე იქნება – ფულბექისაზე და არა შუამარბის.
სამი ახალი სახე ურუგვაისთან 41:34 მოგებული მატჩისგან განსხვავებით – შუამარბი გიორგი შველიძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე, რომლისთვისაც ეს იქნება სანაკრებო დებიუტი, რასაც ვულოცავთ კიდეც.

სამოამ თავისი პირველი მატჩი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართა და ჰონკონგის ნაკრებს 10 ლელო დაუდო, თავად 3 მიიღო და ტაბლოზე 66:19 დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამოასთან მატჩში
1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 20 მატჩი, 5 ქულა), 2. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 6, 5), 3. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 5, 10), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 29, 25), 5. გიორგი ჯავახია (ანგულემი, 27, 20),6. ბექა შვანგირაძე (ლიონი, 7, 5), 7. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 31, 25), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 50, 60), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 105, 98), 10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 38, 276), 11. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 79, 65), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 21, 25), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 7, 5), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 61, 260), 15. დავით ნინიაშვილი (კაპიტანი, ლა როშელი, 49, 114).
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, 0, 0), 17. ნიკა აბულაძე (ექსეტერი, 22, 5), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 10, 5), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (უკლუბო, 35, 5), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 21, 25), 21. იოანე იაშაღაშვილი (ვანი, 4, 0), 22. მიხეილ ალანია (ვანი, 19, 25), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 64, 411).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/07/2026 | 20:36სამოასთვის სამაგიეროს გადასახდელად
მთავარი ამბავი08/07/2026 | 00:328 კოკისპირული ლელო
აქეთურ-იქითური06/07/2026 | 22:34ურუგვაისთან მოგების მოლოდინით
აქეთურ-იქითური05/07/2026 | 16:12ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
