უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში.
„საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა, პასი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და კუპატაძეს წესის დარღვევის მეტი არაფერი დარჩენოდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა და კუპარტაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ბათუმელები დაჟინებით ითხოვდნენ წითელს, ბოლო იმედის ჯარიმა იყოო.
მოკლედ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი, „ბათუმმა“ 2:1 მოიგო და უშუალო მდევარ „საბურთალოს“ 4 ქულით გაუსწრო.
საკუთრივ თამაში კარგი საცქერი გამოდგა. სტუმრები თავიდან შეიკნე სილას გოლით იგებდნენ. მერე ჯოვინო ფლამარიონმა სეზონის მე-13 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ზღვისპირელთა გამარჯვების გოლზე კი უკვე ვთქვით.
„დინანომ“ მიჯრით ორი წაგების შემდეგ, „სამტრედიას“ 3:0 მოუგო და ცხრილში ერთი საფეხურით ზევით, მე-4 პოზიციაზე აინაცვლა. დუბლი მიითვალა დინამოელთა 21 წლის შუახაზელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა.
„დილას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც „ტორპედოსთან“ მატჩში დამთავრდა. ქუთაისელებმა გიორგი კუხიანიძის პენალტით მოიგეს. სხვათა შორის, მანამდე ტორპედოელებს ზედიზედ ექვს შეხვედრაში ვერ გაემარჯვათ. ქუთაისელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს.
„შუქურა“ „სამგურალს“ 2:0 უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თამაში 2:2 დასრულდა.
„თელავმა“ კი ერთ-ერთ კონკურენტ „გაგრასთან“ შინ წააგო (0:1) და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ეს თელაველთა ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ.
ტორპედო 1:0 დილა (სამტრედიაში)
1:0 კუხიანიძე (80 პენ.)
დინამო 3:0 სამტრედია
1:0, 2:0 მოისწრაფიშვილი (59 პენ. 86), 3:0 ოდიშარია (90+3)
ბათუმი 2:1 საბურთალო
0:1 სილა (19), 1:1 ფლამარიონი (77), 2:1 მამუჩაშვილი (85 პენ.)
შუქურა 2:2 სამგურალი (თბილისში)
1:0 ფაცაცია (32 პენ.), 2:0 სარდალიშვილი (40), 2:1 ქურდაძე (57 საკ. კარში), 2:2 კაგაიამა (74)
თელავი 0:1 გაგრა
0:1 მუსელიანი (38)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 13, ტიერი გეილი (დილა) – 10, გიორგი ნიქაბაძე (სამგურალი), ულად-ომარ იმრანი (დინამო) – 9, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი) – 8