ფიფას მერე გაეროში? „ვოშინგტონ პოსტის“ თანახმად დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინოს გაეროს გენერალურ მდივნად წარდგენას აპირებს. თუ ვინმეს „ვოშინგტონ პოსტის“ საიმედოობა აეჭვებს, ყურად იღოს, რომ ეს ინფორმაცია „ნიუ იორკ პოსტმაც“ გადაბეჭდა. ჯანი ინფანტინო მოგეხსენებათ ფიფას პრეზიდენტია, ხოლო გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გახლავთ, რომელიც 31 დეკემბერს თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან უკვე 10 წლის ანუ ორი ვადის განმავლობაში მართავდა ორგანიზაციას. კანონის თანახმად მომავალი გენერალური მდივნის კანდიდატურა (რომელიმე) სახელმწიფომ უნდა წარადგინოს.
„ვოშინგტონ პოსტი“: „ტრამპი დარწმუნებულია, რომ ინფანტინოს მთელს მსოფლიოში პატივს სცემენ და ის დაჯილდოვებულია ხალხის გაერთიანების უნიკალური ნიჭით“.
ამერიკულ გაზეთს აღნიშნულ თემაზე ელაპარაკა როგორც ტრამპთან ასევე ინფანტინოსთან დაახლოებული იტალო-ამერიკელი დიპლომატი და ბიზნესმენი პაოლო ძამპაოლი. მან თქვა ასეთი ბრწყინვალე იდეა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს თუ მოუვიდოდა თავში. მანვე დასძინა, რომ იფანტინოს ყველასთან კარგი კავშირები აქვს და გაეროს გენერალური მდივნის პოზიციაზე მუშაობას თავს ჩინებულად გაართმევს. ძამპაოლიმ ისიც განმარტა, რომ ფიფას პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის ფუნქციებს შორის აშკარა მსგავსებაა.

რასაკვირველია, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა ამერიკული გაზეთის პუბლიკაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტრამპსა და ინფანტინოს შორის საგანგებო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტს ფიფას მშვიდობის პრიზი გადასცა.
ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში დიდი სკანდალი მოჰყვა ეგრეთწოდებულ ფლორიან ბალოგუნის საქმეს, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ტრამპმა ინფანტინოს ამერიკელი ფეხბურთელისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმება სთხოვა, რათა მას მერვედფინალში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ეთამაშა. ინფანტინომ თხოვნა შეუსრულა.
რა მოხდება თუკი ინფანტინო მართლა გახდება გაეროს გენერალური მდივანი? უპირველეს ყოვლისა მას ხელფასი შეუმცირდება. გაეროს გენმდივანი წელიწადში დაახლოებით 418 000 დოლარს იღებს, ფიფას პრეზიდენტის შემოსავალი კი 6 მილიონია – დაგვეთანხმებით, ამ ორი რიცხვის შედარება არც შეიძლება.
გაზაფხულზე ინფანტინომ თქვა, რომ კიდევ ერთი ვადით აპირებს ფიფას პრეზიდენტობას. არჩევნები მომავალი წლის მარტში უნდა გაიმართოს. მავანი იკითხავს, რამდენ ხანს შეიძლება იკავებდეს ადამიანი ფიფას პრეზიდენტის პოსტს. პასუხია სამი ვადით. ერთი ვადის ხანგრძლივობა 4 წელიწადია. არის ასეთი დეტალი: 56 წლის შვეიცარიელი მიიჩნევს, რომ სავარძელში ჩაჯდა 2019 წელს და არა 2016-ში, როდესაც ზეპ ბლატერის გადადგომის მერე (რიგგარეშე კონგრესზე) რეალურად დაიკავა თანამდებობა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/07/2026 | 08:14ზიდანს 28 ივლისს დანიშნავენ
მთავარი ამბავი23/07/2026 | 07:17ტრამპს ინფანტინო გაეროს გენერალურ მდივნად მოუნდა
სიახლეები22/07/2026 | 09:14ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს
მთავარი ამბავი22/07/2026 | 07:07ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა
