დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია პოსტის დეშამის მემკვიდრისთვის გადასაცემად ემზადება. არავისთვის არის საიდუმლო, რომ დეშამის მემკვიდრე იქნება ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, რომელიც „ეკიპის“ ცნობით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგულარულად უკავშირდებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ დიალოს და ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებდა თავის შტაბს.
„ეკიპი“ წერს, რომ ფედერაციას დეშამის პატივით გაცილება უნდოდა და საამისო გეგმასაც სახავდა, მაგრამ თავად მწვრთნელს რეაქცია არ ჰქონია. სანაცვლოდ მან დაწერა ვრცელი წერილი, რომელშიც ფედერაციის თანამშრომლებს 14 წლის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ეს წერილი ფედერაციაში დიდი კმაყოფილებით მიიღეს.
ახლა ფრანგული პრესა ერთხმად წერს, რომ ზინედინ ზიდანს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე 28 ივლისს წარადგენენ. გაიმართება პრეს-კონფერენციაც, თუმცა მისი თარიღი შეიძლება სხვა იყოს. ზიდანი „ლურჯების“ თავკაცის თანამდებობაზე ოთხი წლით დაინიშნება.

ვინ იმუშავებს „რეალის“ ყოფილი თავკაცის შტაბში? მისი მარჯვენა ხელი რასაკვირველია იქნება ბავშვობის მეგობარი დავიდ ბეტონი, რომლის გარეშეც ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ნაბიჯს არ დგამს. მის მხარდამხარ იქნება ჰამიდუ მსაიდიც, რომელსაც „რეალში“ ფეხბურთელების რეაბილიტაცია ებარა.
დიდი ალბათობით ზიდანის შტაბში იქნებიან ფიზიკური მომზადების მწვრთნელი გრეგორი დიუპონი, ასევე „რეალში“ გამოცდილი კაცი, და კარგად ცნობილი ვეტერანები ფაბიენ ბარტეზი და ბერნარ დიომედი.
საფრანგეთის ნაკრებს უახლოესი შეკრება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში, ერთა ლიგის დღეებში ელის. კალენდრის თანახმად „ლურჯები“ ითამაშებენ 25 სექტემბერს თურქეთში, 28 სექტემბერს ბელგიაში, 2 ოქტომბერს უმასპინძლებენ იტალიას და 5 ოქტომბერს ბელგიას.
პარალელურად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას მოუწევს დელიკატური საკითხების მოგვარება. საქმე ეხება ისეთი თანამშრომლების (მაგალითად უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის) გაშვებას, რომელთა ნაწილს კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ეს ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის საინტერესო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/07/2026 | 08:14ზიდანს 28 ივლისს დანიშნავენ
მთავარი ამბავი23/07/2026 | 07:17ტრამპს ინფანტინო გაეროს გენერალურ მდივნად მოუნდა
სიახლეები22/07/2026 | 09:14ბლატერი vs ინფანტინო: ფეხბურთი ფესვებს უნდა დაუბრუნდეს
მთავარი ამბავი22/07/2026 | 07:07ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა
