იბერია ისევ ლიდერია   

იბერია ისევ ლიდერია   

მე-19 ტურში „იბერია“ ისევ გალიდერდა ეროვნულ ლიგაში. ასე რომ, დებიუტანტმა „რუსთავმა“ მხოლოდ ერთი ტურით იპირველა. იბერიელებმა 9 კაცით ჩაამთავრეს აუტსაიდერ „მეშახტესთან“ თამაში. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ ჯერ ვახო ბედოშვილი დაითხოვა მოედნიდან, შემდეგ პაატა ღუდუშაური. ორივემ ორ-ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

ამის მიუხედავად, „იბერიამ“ მაინც იმარჯვა. ჯერ (უკვე უმცირესობაში) ნიკოლოზ დადიანმა გახსნა ანგარიში. 4 წუთში იბერიელთა ყოფილმა მთავარმეგოლემ, ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა პენალტით, მაგრამ ჩემპიონებმა მაინც იძალეს – მათმა ლუქსემბურგელმა მცველმა, ვაჰიდ სელიმოვიჩმა გამოიჩინა თავი. საბოლოოდ 2:1 და „იბერია“ 34 ქულით კვლავ სათავეში მოექცა სატურნირო ცხრილს.

წინა ტურის ტრიუმფატორი, „რუსთავი“ ზედიზედ სამი გამარჯვების კვალად უშანსოდ დამარცხდა „დილასთან“ 0:3. მასპინძელთაგან შოთა შეყილაძემ და გვინეელმა მოჰამედ კანტემ იყოჩაღეს, ერთიც სტუმართა ბრაზილიელმა დავიდ ოლივეირამ შეაგდო საკუთარ კარში. „რუსთავი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, 26-ქულიანი „დილა“ კი მეექვსეზე. გორელებმა მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგეს.

„დინამომ“ „პეტრო არენაზე“ „ბათუმი“ 2:1 დაამარცხა, თუმცა თავიდან აგებდა. ზღვისპირელთა ალბანელმა შუახაზელმა უერდი მარამ უკვე მე-7 წუთზე დააწინაურა თავისიანები. მაგრამ თბილისელებმა ხასიათი გამოავლინეს და თამაში მაინც მოიგეს.

სადებიუტო  გოლი გაიტანა „დინამოში“ ქეცბაიას პირველმა შენაძენმა, ფრანგმა მაქსიმ ტეიშეირამ. შემდეგ კი ირაკლი სირაძის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა ნიკა ნინუამ – 2:1. ეს „დინამოს“ მწვრთნელის რანგში თემურ ქეცბაიას მე-11 მატჩი და მე-7 გამარჯვება იყო.

ამისდაკვალად, 31 ქულით „დინამო“ მესამე ადგილზეა და მხოლოდ 3 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „იბერიას“.  27-ქულიანი „ბათუმი“ კი მეხუთეა.                                                     

ახლა ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება და ტურნირი 8 აგვისტოს განახლდება.

დილა 3:0 რუსთავი

1:0 შეყილაძე (62), 2:0 კანტე (67), 3:0  ოლივეირა (74 საკ. კარში)

ტორპედო 0:0 სპაერი

იბერია 2:1 მეშახტე

1:0 დადიანი (59), 1:1 სიხარულიძე (63 პენ), 2:1 სელიმოვიჩი (68)

გაძევება: ბედოშვილი (51), ღუდუშაური (83) – ორივე იბერია

დინამო 2:1 ბათუმი

0:1 მარა (7), 1:1 ტეიშეირა (75), 2:1 ნინუა (87 პენ)

გაგრა 0:0 სამგურალი

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.