ვიწყებთ უელსით

ვიწყებთ უელსით

27 ივნისს თბილისსა და ქუთაისში 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის მე-8 იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალგაზრდები 2016 წელს მსოფლიო 20-წლამდელთა ელიტას შეუერთდნენ. ეს კი არა, 2023 წელს, პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამართულ ჩემპიონატზე, ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა ქართველმა 20-წლამდელებმა ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულეს და ჯერჯერობით ესაა მათი უმაღლესი მიღწევა.

ამჟამინდელ უმცროს ბორჯღალოსნებს ახლო წარსულში თავად ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი წვრთნის. მოგეხსენებათ, „კლერმონის“ ვარსკვლავმა მესამეხაზელმა კარიერა ქრონიკული ტრავმის გამო ნაადრევად, 30 წლის ასაკში დაასრულა და სათავეში ხსენებული ფრანგული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ჩაუდგა, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და საქართველოს 20-წლამდელთა თავკაცის ვაკანტური პოსტიც დაიკავა.

ჰოდა, ვიტომ ამ გუნდს საკუთარი ხელი უკვე დაატყო. ტურნირისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მისმა ბიჭებმა რამდენიმე მატჩი გამართეს, რომელთაგან ერთადერთი დათმეს – მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო სულ ბოლო საკონტროლო თამაში რუსთავში ახალი ზელანდიის U20-ს სენსაციურად მოუგეს და მთელი სარაგბო თემი აალაპარაკეს. ვნახოთ, რა გამოუვათ ოფიციალურ დონეზე.

აუცილებლად ისიც უნდა ითქვას, რომ 2017 წელს ასევე თბილის-ქუთაისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი დღესაც სანიმუშოდ მიიჩნევა მსოფლიოს მასშტაბით. მომდევნო წლებში ვერც სამხრეთ აფრიკამ და ვერც იტალიამ მოახერხეს ღონისძიების ქართულ დონესთან მიახლოებით მაინც ჩატარება. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმეწლიანი ყოყმანის შემდეგ „ვორლდ რაგბიმ“ ტურნირის მასპინძლობა კვლავ საქართველოს ანდო.

წლევანდელი ტურნირი განსხვავებული იქნება: ამიერიდან მასში მონაწილეობას არა 12, არამედ 16 გუნდი მიიღებს. ეს არა იმდენად რაგბის პოპულარიზაციის მიზნებით იყო გამოწვეული, არამედ იმით, რომ ყოველწლიურად ბობოლათაგან ერთს ან ორს ბეწვის ხიდზე გავლა უწევდათ, რათა რანგით არ დაქვეითებულიყვნენ. ეს ხან იტალია იყო, ხან ირლანდია, ხან ფიჯი და ხანაც – შოტლანდია. ამ ორ უკანასკნელს კი გავარდნა მოუხდათ კიდეც. იაპონიაზე აღარაფერს ვამბობთ. ახლა კი ყველა ადგილზეა და შედარებით მშვიდადაა…

წლევანდელი გათამაშება 40 მატჩისგან შედგება და თბილისსა და ქუთაისში თამაშების თანაბარი რაოდენობა გაიმართება. 4 ჯგუფში განაწილებული 16 გუნდი ერთწრიან ჯგუფურ ეტაპს გაივლის, რომლის შემდეგაც პლეი-ოფი დაიწყება. სიახლეები სწორედ აქაა. პლეი-ოფი დაიწყება ნახევარფინალით, რომელშიც 4 ჯგუფის პირველადგილოსნები შეხვდებიან ერთმანეთს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებს ზუსტად ასეთივე ფორმატით გაითამაშებენ, მესამეადგილოსნები – მე-9-მე-12 ადგილების, ხოლო ჯგუფების აუტსაიდერები ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ. გავარდება მე-16 ადგილზე გასული ნაკრები და 2027-ში მის ადგილს ალაფად წოდებული ქვედა დონის ტურნირის გამარჯვებული დაიკავებს.

ვიტო კოლელიშვილის მაგარი ბიჭები ტურნირს 27 ივნისს „ავჭალაზე“ უელსელ თანატოლებთან ჯახით დაიწყებენ. თამაში 18 საათზე დაიწყება. 2 ივლისს, მეორე ტურში, ასევე „ავჭალაზე“, 13 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან, 7 ივლისის საღამოს 6 საათზე კი შდგება საქართველოსა და ურუგვაის 20-წლამდელთა მატჩი, ასევე „ავჭალაზე“.

ეს შეეხებოდა A პულს. „ავჭალაზევე“ გაიმართება C პულის ტურნირიც, რომელშიც არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ. B და D პულებს კი ქუთაისის „აია არენა“ უმასპინძლებს. B-ში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია გადანაწილდნენ, ხოლო D-ში – საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ნახევარფინალის დღეებია 12 და 13 ივლისი. ფინალების – 17 და 18. საჩემპიონო ფინალს და მატჩს მე-3 ადგილისთვის თბილისის „მიხეილ მესხი“ უმასპინძლებს.  ჰო, ისიც ვთქვათ, რომ სხვებთან ერთად ტურნირს ახალგაზრდა ქართველი რეფერი საბა მახარაძეც უმსაჯებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების განაცხადი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის

გიორგი ტურაშვილი (კასტრი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), ლუკა იასეშვილი (ხარები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), საბა ნოზაძე (ნევერი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), დავით ბარამია (ტულონი), ლუკა ნარსია (აია), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები), ირაკლი ყოლბაია (ლელო), მიხეილ შიოშვილი (ტულონი), გიორგი ხონელიძე (ტულონი), დაჩი წიკლაური (ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია), მათე მახარაძე (ხვამლი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), დემეტრე დევდარიანი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია), ლუკა ტაბატაძე (არმია), საბა ნატროშვილი (არმია), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), დათა არობელიძე (ვანი).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.