როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამთავრების შემდეგ ლამინ იამალი აცრემლებულ ლეო მესის გადაეხვია, დედამიწაზე ძალიან ბევრს გაუელვა გონებაში, რომ ეს იყო სიმბოლური კადრი. ესტაფეტის გადაცემას ჰგავდა.
ნიუ ჯერსის სტადიონზე ფანები დიდხანს სკანდირებდნენ მესის სახელს. ისინი ეთხოვებოდნენ 39 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ფეხბურთის უდიდეს სცენაზე უკანასკნელად ხედავდნენ. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვუნდერკინდი და გადაეხვია. „ბარსელონას“ 10 ნომერი „ბარსელონას“ ისტორიაში უდიდეს 10 ნომერს ამშვიდებდა.
ამ დროს რასაკვირველია ყველას გაახსენდა 2007 წლის სექტემბერში გადაღებული სულ სხვა ფოტო საქველმოქმედო კალენდრიდან, რომელზეც 20 წლის მესი 6 თვის იამალს აბანავებს. ბავშვმა, რომელიც ამ ფოტოზე მესის ხელში უჭირავს 19 წლის ასაკში დიდი სანაკრებო ტიტულების სრული კომპლექტი მოაგროვა და წერტილი დასვა: 2024 წლის ევროპის ჩემპიონობიდან ორ წელიწადში ის მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
დახეთ საოცრებას: იამალს ესპანეთის ნაკრების მაისურით 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთიც არ წაუგია. ამ 33 თამაშიდან 13-ში ვუნდერკინდმა მსხვილ შეჯიბრებაზე სასტარტო შემადგენლობიდან(!) ითამაშა და… ყველა მოიგო. ასეთი შედეგი ევროპელ ფეხბურთელთაგან ერთსაც არ აქვს.

იამალი და მისი თანაგუნდელი პაუ კუბარსი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეოთხე და მეხუთე თინეიჯერები, რომელთაც ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს და გაიმარჯვეს. პირველი ყმაწვილი ვინც ეს გააკეთა იყო პელე 1958 წელს, მეორე – ჯუზეპე ბერგომი – 1982 წელს, ხოლო მესამე კილიან მბაპე – 2018 წელს.
ტიტულის მოპოვების შემდეგ ლუის დე ლა ფუენტემ იამალზე ილაპარაკა: „მან ითამაშა დიდი ფეხბურთი, რაც დაღვინებაში დაეხმარება და გახდება დღევანდელთან შედარებით კიდევ უფრო დიდი ვარსკვლავი. მან გუნდის წარმატებისთვის რაც შეეძლო ყველაფერი გაიღო, ეს თვისება კი ჩემს გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად ჩემი აზრით ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე იამალი დიდებული იყო“.
BBC წერს, რომ ესპანელი ჭაბუკი მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელი კი არა, ძლიერი პიროვნებაც არის და ამის დასტურად მოჰყავს მისი თავშეკავება ფინალში, როდესაც არ აჰყვა არგენტინელების, კერძოდ კი ნიკოლას ტალიაფიკოს მცდელობებს დაეშინებინათ ან პროვოკაციაზე წამოეკიდებინათ ის.
ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე ჯო ჰარტი: „იამალს არათუ რეაქცია არ ჰქონდა, მეტოქის საქციელს მაგრადაც დაუდგა. ცივსისხლიანობა შეინარჩუნა. ის არ დაბნეულა, უკან არ დაუხევია. არადა, მეტოქე მის განადგურებას მთელი გუნდით ცდილობდა. ეს იყო ლამინ იამალის დიდებული თამაში. წარმოიდგინეთ, ის 19 წლისაა და ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა“.
ჰარტის ნათქვამი რასაკვირველია გაზვიადებულია. ლამინ იამალს კარიერა არათუ არ დაუსრულებია, არამედ ახლა იწყებს და „ბარსელონასა“ თუ ესპანეთის ნაკრებში ასეთი თანაგუნდელების მხარდამხარ კიდევ ბევრ დიდ მწვერვალს დაიპყრობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/07/2026 | 10:13წიტა ლორიანს უნდა
მთავარი ამბავი21/07/2026 | 08:41ბიჭი, რომელმაც ტიტულები 19 წლისამ დააკომპლექტა
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან