„ნაპოლიმ” კვლავ მოიგო და ამაში ახალი არაფერია, წერს „კორიერე დელო სპორტი”. ამჯერად „აძურიმ” სტუმრად დაამარცხა „სასუოლო” — 2:0. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ცხრილში კვლავ ლიდერობს. რომაულმა გაზეთმა ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ყველაზე ხელმოცარული მოთამაშეები დაასახელა.
საუკეთესონი
ხვიჩა კვარაცხელია, მარეგულირებელი: 7.5
პირველი გოლის დროს ისეთი სლალომი გააკეთა, რომ თვით ალბერტო ტომბა სთხოვდა პატენტს. მაგრამ ტომბა მოთხილამურე იყო და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მაინც უჭირდა, კვარა კი ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, რომ კაცს შეიძლება შეეშინდეს. ადამიანების უმრავლესობა მიმართულების ასეთი ცვლის დროს ერთ კოჭს მაინც ამოიგდებს, ის კი… და წარმოგიდგენიათ, „სასუოლო” მის გაჩერებას ცდილობდა: მაისურებიც კი ისეთი ფერის ჩაიცვეს, მოედანს რომ შერწყმოდნენ. მაგრამ, რად გინდა, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, კვარა ყველას ატყუებს.
ვიქტორ ოსიმენი, ისევ გაიტანა: 7.5
ის კარგი მოქმედების შემდეგ შედის კართან და შორეულ ძელს უყურებს. და მერე რას შვრება? სარგებლობს იმით, რომ მეკარე ანდრეა კონსილი მის შესაძლებლობებს ჯეროვნად ვერ აფასებს და ძალიან მოუხერხებელი პოზიციიდან ახლო კუთხეში ურტყამს. ვიქტორს მეტოქის კარისკენ მიმავალ ტრასაზე გოლის გასატანად მცირე, თუნდაც გაუვალი ბილიკიც ჰყოფნის. მას ქვის გული აქვს. ოსიმენს აგერ უკვე ზედიზედ შვიდი თამაშია გოლი გააქვს. მოწინააღმდეგეებს ერთადერთი გამოსავალიღა დარჩენიათ: უნდა გამოიყვანონ გენმოდიფიცირებული მცველი და სერია A-ს მისი რეგისტრაციის უფლება თხოვონ.
კიმ მინ-ჯაე და ამირ რაჰმანი; წყვილი, რომელსაც არ უტევენ: 6.5
მათ დაახლოებით ათი წუთი გაუჭირდათ, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბეს და ბურთების სახიფათო ზონიდან გამოტანას შეუდგნენ. მცველებმა მაღალი ქულა შეიძლება იმ შემთხვევაშიც მიიღონ, როდესაც მათ მოწინააღმდეგე არ უახლოვდება, მაგრამ „სასუოლო” მთელ რიგ ეპიზოდებში უტევდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. „ნაპოლის” ცენტრალურ მცველთა წყვილს თანაგუნდელებიც კარგად ეხმარებოდნენ. საბოლოოდ მათ მოედანი გაშვებული გოლის გარეშე დატოვეს. კვარა-ოსიმენის წყვილთან ერთად კიმი და რაჰმანიც წლის დუეტად ჩამოყალიბდნენ. სან რემოს ფესტივალზე თუ წავლენ, ყველა დაინახავს, რომ ისინი ჯანლუკა გრინიანისა და არისას დუეტზე უფრო შეხმატკბილებულები არიან.
ხელმოცარულნი
მატეო პოლიტანო, მარტოსული: 5.5
რიგით მატეოს გადარჩენა სჭირდება. „ნაპოლის” თამაში სულ მეტად და მეტად ხდება დამოკიდებული ფენომენზე, რომელიც გადაღმა ფრთაზე მოქმედებს. თანაგუნდელებს, მეგობრებს, ნათესავებს — ყველას უნდა, რომ ბურთი კვარამ მიიღოს. ამიტომაც უჭირდა პოლიტანოს თამაშის რიტმში ჩაჯდომა. თუმცა, ინდომებდა და ამისთვის ტაში ეკუთვნის.
ელიფ ელმასი, უჩვეულო თამაში: 5.5
მან ბევრი ირბინა, ყვითელი ბარათიც კი მიიღო, მაგრამ მის მონდომებას თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ელმასს „ცხელი წერტილიდან” შორს უწევდა მოქმედება, არადა ის თავის საუკეთესო თვისებებს სწორედ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ავლენს. დაახლოებით იგივე მოუვიდა, რაც მოსდის რობერტ დე ნიროს, როდესაც ტუტუცურ კომედიაში ცდილობს თამაშს. მოკლედ, ჩრდილო მაკედონიელის დარტყმები და გამწვავების უნარი ამ დღეს საჭირო არ აღმოჩნდა, რადგან „ის ორი” წინ მეტოქის დაცვაზე ისედაც ასფალტს აგებდა.