პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა თავისი არსებობის მეორე წელიწადი „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მატჩით დაიწყო, რომელიც ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართა. „შავმა ლომმა“ თავისი მაღალი რენომე დაადასტურა და ტურნირის ახალბედა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ დიდი ანგარიშით – 29:3 დაამარცხა, თანაც 4 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუს-ქულაც მიიღო.
ამ 5-მა ქულამ სუპერთასის მოქმედი მფლობელი სტარტიდანვე აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის სათავეში მოაქცია, რადგან ოთხეულის მეორე მატჩში „როუმენიან ვულვზმა“ შინ „თელ ავივ ჰითთან“ 20:25 წააგო და ისრაელის ფრენჩაიზმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, რუმინელმა ახალბედებმა კი სანუგეშო ბონუსი დაისაკუთრეს.
რაც შეეხება ბათუმურ მატჩს, ის ორი რადიკალრად განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველ ნახევარში „შავი ლომი“ მეტოქეს ჯობდა, ძირითადად საშემსრულებლო ოსტატობით, შეხვედრის მეორე ნახევარი კი სტუმართა სრული კარნახით წარიმართა.
„ლომის“ მგეზავმა ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში მხოლოდ 30-ე წუთზე გახსნა – 0:3, 35-ეზე კი მისმა ბათუმელმა ვიზავიმ და ყოფილმა ბორჯღალოსანმა რეზი ჯინჭველაშვილმა წონასწორობა აღადგინა და როგორც შემდგომში გამოჩნდა, ეს ერთადერთი რეზულტატური მოქმედება იყო „ბათუმის“ მხრიდან. ტაიმის ბოლომდე ლუკა ივანიშვილმა და მირიან მოდებაძემ ზღვისპირელები თითოჯერ დაალელოვეს, მატკავამ ორივე ლელო გარდასახა და ტაიმი 3:17 დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტშივე ვეტერანმა შალვა მამუკაშვილმა კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც გარდაუსახავი დარჩა – 3:22, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი აკა ტაბუცაძემ თავისი საფირმო გაქცევით ადგილობრივი მაყურებელი საბოლოოდ დაამწუხრა. მატკავამ ურთულესი პოზიციიდან საუცხოოდ დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:29.
მეორე ტურში „შავი ლომი“ ქუთაისის „აია არენაზე“ ისრაელის „თელ ავივ ჰითს“ უმასპინძლებს. თამაში 18 სექტემბერს 16:30-ზე დაიწყება. „ბათუმი“ კი წინა დღეს, 17 სექტემბერს 17 საათზე ბუქარესტში ადგილობრივ „ვულვზს“ შეხვდება.