ორი ბონუსი უელსთან

ორი ბონუსი უელსთან

ვიქტორ კოლელიშვილისა და საქართველოს 2026 წლის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური დებიუტი უიღბლო გამოვიდა. თბილისის გადავსებულ „ავჭალაზე“ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში უელსის U20-თან მინიმალური სხვაობით – 24:25 დათმეს და სამომავლო პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიუარესეს.

თამაშის სტარტზე „პატარა დრაკონებმა“ მწყობრად და ეფექტიანად შემოგვიტიეს. მათი პირველი იერიში მრავალფაზიანი იყო და ბურთის ჩვენი კარის ძელებს შორის დამიწებით დასრულდა. გარდასახვა იოლი იყო და უელსელები 7:0 დაწინაურდნენ.

ათიოდე არეული წუთის შემდეგ ბრიტანელებმა მეორე ლელო გაიტანეს, ოღონდაც ავჭალურ პირქარში გარდასახვის გატანა ვეღარ მოხერხდა – 12:0. სწორედ ამ მომენტში მოხდა ქართველების გამოღვიძება. მოგებული დერეფანი უელსელთა ლელოს სიახლოვეს, მწყობრი და შეუჩერებელი მოლი და მიხეილ შიოშვილის ლელო – ყოველივე უცებ მოხდა – 5:12. კიდიდან გარდასახვა ძალზე რთული იყო და ვერც მოხერხდა.

თამაშის ხასიათი არც ამის შემდეგ შეცვლილა, ორივე გუნდი უამრავ შეცდომას უშვებდა, რაც სასტარტო მატჩისვის დამახასიათებელიც კია, თუმცა, ვიტო კოლელიშვილის ბიჭების დისციპლინა უკეთესის სურვილს ტოვებდა და როცა ისინი საკუთარი კარის პირისპირ დაჯარიმდნენ, „პატარა დრაკონებმა“ კარში დარტყმა დაუფიქრებლად გადაწყვიტეს – 15:5.

ტაიმის ბოლოს კი, შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარმა მელელოვე მიშო შიოშვილმა ახსნა, თუ რატომ მოასწრო 19 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში თამაშიც და ლელოს გატანაც და რატომ ანდეს ადგილი ვარსკვლავებით გადაჭედილ „ტულონში“, სადაც ზორბა ჭაბუკმა სეზონის ფინიშის სწორზე 9 მატჩში 4 ლელო გაიტანა. აწ უკვე 20 წლის შიოშვილმა ბურთი მეტოქის ლელოდან 15 მეტრში მიიღო, მიზნისკენ დაიძრა, გზად ვიღაცას დაეჯახა და წააქცია, ბოლოს კი მხრებზე ჩამოკიდებული ორი უელსელი ვერ შეიმჩნია – 10:12! ამ ულამაზესი ლელოს არგარდასახვა არ იქნებოდა და ნიკოლოზ ხალვაშმაც არ ააცილა. ტაიმი 12:15 კი დავთმეთ, მაგრამ გამოჩნდა, რომ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის შემთხვევაში მოგება რეალური იქნებოდა.

შესვენების შემდეგ ქართული წნეხი გაიზადა, რამაც უელსელ გარემარბს წესები დაარღვევინა, ბურჯმა გაბრიელ რაზმაძემ ჭიდაობაში ლელოს გატანა მაინც მოახერხა, ხოლო წესების ცინიკურად დამრღვევი უელსელი გაასინბინეს. კვლავ კიდიდან და ახლა უკვე პირქარში ხალვაშმა, სამწუხაროდ, ლელო ვეღარ გარდასახა, თუმცა საქართველო მაინც დაწინაურდა, თანაც პირველად ამ მატჩში – 17:15.

თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბრიტანელებმა თავადაც გაიტანეს ლელო, ზურგქარში მშვენივრადაც გარდასახეს და ლიდერობა დაიბრუნეს – 22:17. სათამაშო უპირატესობას ქართველები კი ფლობდნენ, მაგრამ მისი რეალიზება ვერ ხერხდებოდა. პირიქით, უელსელთა ბრწყინვალე მგეზავმა მე-60 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავისი გუნდი მთელი 8 ქულით დააწინაურა – 25:17.

უმცროსი ბორჯღალოსნების დომინაცია ამის შემდეგ კიდევ გაძლიერდა და ეს მიუხედავად შესანიშნავი დრიბლიორის ლუკა ტაბატაძის გასინბინებისა. კაცნაკლულობა შეუმჩნეველი იყო, ჩვენები უტევდნენ და როცა ლუკა დაბრუნდა, ჩვენებს ისეთი მოლის აგორება გამოუვიდათ, არცთუ დამაჯერებლად მოქმედ ინგლისელ რეფერი ჯორჯ სელვუდს ტექნიკური ლელოს ჩათვლისა და წესების დამრღვევი უელსელის გაძევეიბის მეტი არაფერი დარჩენოდა – 24:25 და 4 წუთი ლოგიკური წერტილისთვის.

ჩვენების შანსები იმანაც გაზარდა, რომ ტაიმის დასაწყისში გასინბინებულ უელსელ გარემარბს კვლავ მოუხდა წესების უხეშად დარღვევა, რაც წითელ ბარათად დაუჯდა. ქართველებმა ძალიან მაგრად შეუტიეს, თანდათან უახლოვდებოდნენ მეტოქის ლელოს და ყველაფერი კი დრამატულად დასრულდა – შეცვლაზე შესულმა ირაკლი ყოლბაიამ ინდივიდუალურად შეუტია, ბურთიანად მრავალი მეტრი დაფარა, ლელოში შევიდა და იქ მას რამდენიმე უელსელი გადაეღობა. იყო თუ არა დამიწება, ძნელი სათქმელია, განხილვის პროცესში სელვუდმა განაცხადა, რომ თამაში დამთავრებულია და მერე, მოსათათბირებლად, ასისტენტ მსაჯთან მიირბინა, ავსტრალიელმა რობენ კინმა რაღაც დაუდასტურა და სელვუდმაც წაგებას ლამის შეგუებული და დაზაფრული უელსელები გამარჯვებულებად გამოაცხადა – 25:24. სამწუხარო და დასანანი მარცხია, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა 4 ლელოს დადებისა და 1 ქულის სხვაობით მარცხით 2 ბონუს-ქულა გამოიმუშავა, რაც სრულფასოვანი ვერა, მაგრამ მაინც ნუგეშია. შემდეგი მატჩი 2 ივლისს მსოფლისო მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გვაქვს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.