კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!

კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!

კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ.

ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ საუდის არაბეთი 2034 წლის მუნდიალის მასპინძელია.

გოლის გატანასთან კაპე ვერდე უფრო ახლოს იყო. ნიქოზიის „ომონიას“ მარცხენა გარემრბ ვილი სემედოს ორჯერ ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი.

შეხვედრის 30-ე წუთზე საუდელთა მცველი ჰასან ალ ტამბაქტი შეჯახების გარეშე დაეცა და საკაცით გახდა გასაყვანი.

შესვენების მერე რუსული „კრასნოდარის“ ჩამშლელი ნახევარმცველის კევინ პინიას დარტყმული ოდნავ აცდა მიზანს, საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე კი მეკარე მოჰამედ ალ ოვაისმა საგოლე პოზიციაზე შესულ უნგრული „პუშკაშ აკადემიის“ ასევე ჩამშლელ ნახევარმცველს ლაროს დუარტეს არ გაატანინა.

საბოლოოდ – 0:0. კაპე ვერდე გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც თავის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში შეხვედრა არ წააგო.

როდესაც მსაჯმა თამაში დაასრულა „ზვიგენები“ ტელეფონებს გარს შემოერტყნენ რათა შეეტყოთ, თუ როგორ დამთავრდებოდა ურუგვაისა და ესპანეთის შეხვედრა. როდესაც გაირკვა, რომ ესპანელებმა 1:0 მოიგეს, მათ ბანაკში დიდი ზეიმი გაიმართა.

ამრიგად, ჯგუფში, სადაც სახელოვანი გუნდები იყვნენ თავმოყრილები კაპე ვერდემ სამი ფრე ითამაშა და მეორე ადგილი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია 525 ათასიან ერზე, რომელმაც ფეხბურთის წყალობით მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა.

ახლა საინტერესოა, შეძლებს კი მწვანე კონცხის ნაკრები ლეო მესისა და მისი არგენტინისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.