მესამე ცდა დრაკონებთან

მესამე ცდა დრაკონებთან

შაბათს, 27 ივნისს, 18 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩაებმება მსოფლიო რაგბის 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ამიერიდან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემიონატს სწორედ ასე ეწოდება ოფიციალურად.

ამ მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში ოფიციალური დებიუტი ვეტერან ბორჯღალოსან ვიქტორ კოლელიშვილს ექნება. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ახალგაზრდებმა ნაყოფიერი მოსამზადებელი პროცესი გაიარეს, რამდენიმე სატესტო მატჩიც გამართეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან. ბოლო თამაშში კი ვიტო კოლელიშვილმა და მისმა რაზმმა „ბეიბი ოლ ბლექსი“ დაამარცხეს – ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი (6 საჩემპიონო ტიტული).

ამდენად, საერთოდ არაა გასაკვირი, რომ კოლელიშვილმა ასისტენტებთან შეთანხმებით პირველ ოფიციალურ მატჩზე თითქმის იდენტური შემადგენლობა დააყენა. გამონაკლისი მხოლოდ კვაჭი ანრი შველიძეა, რომელმაც ზელანდიელ თანატოლებთან რკენაში პირველ ტაიმში დაშავდა. საბედნიეროდ, ვეტერანი ბორჯღალოსნის გოდერძი შველიძის ვაჟმა და მოქმედი ბორჯღალოსნის გიორგი შველიძის უმცროსმა ძმამ მსუბუქი დაზიანება მიიღო და მეორე მატჩისთვის მწყობრში იქნება. მის ადგილს კი შაბათს, უელსელების წინააღმდეგ გიორგი აღნიაშვილი დაიკავებს.

უელსის ახალგაზრდული ნაკრები სერიოზული მეტოქეა, რომელსაც ქართველები ორჯერ შეხვედრიან. პირველად – 2016-ში, როცა ჩვენს გუნდში ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე და გელა აფრასიძე ბრწყინავდნენ. ის შეხვედრა ამ დონეზე პირველად მოასპარეზე ქართველებმა 9:10 დათმეს. მეორე ჯახი კი 2023-ში შედგა, როცა ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა საქართველოს U20-მა მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში „პატარა დრაკონებთან“ 21:40 წააგო. სხვათა შორის, იმ წელს ქართველებმა ისტორიულ შედეგს მიაღწიეს – მე-8 ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხება „პატარა დრაკონებს“, მათი უმაღლესი მიღწევა 2013 წლით თარიღდება, როცა ფინალში მომავალ ჩემპიონ ინგლისელებთან 15:23 დამარცხდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ იმ ხანაში აღნიშნული ტურნირი 21-წლამდელებში იმართებოდა და ასაკობრივი ცენზი 20 წლამდე 2016 წელს დაეშვა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა უელსთან მატჩში

1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი, 9. თემურ ძოძუაშვილი, 10. მათე მახარაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 15. ნიკოლოზ ხალვაში.

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.