This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა

This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ ფანფარების თანხლებით შეიძინა, ის ალისონის ტახტის მემკვიდრედ მიაჩნდათ, მაგრამ გავიდა ერთი წელიწადი და ვერდიქტი ჯერ კიდევ გამოსატანია.

არის რაღაც განსაკუთრებული ტოპ ფეხბურთელთან ძვირიან, წინასწარ გარიგებაში. ეს უნებლიედ იწვევს დამატებით ხმაურს, მოლოდინს ან, როგორც დღევანდელი ახალგაზრდობა ამბობს, გარიგების გარშემო სპეციფიკურ აურას ქმნის.

გაიხსენეთ ნაბი კეიტას შემთხვევა. „ლივერპულს“ ისე უნდოდა მის მოთხოვნებთან იდეალურად მორგებული ფეხბურთელის ყიდვა, რომ სატრანსფერო თანხა და პრემია 12 თვით ადრე გადაიხადა. დაახლოებით ამას ჰგავდა ქართველი გიგანტის „ვალენსიისგან“ 35 მილიონ გირვანქად შეძენის ამბავიც.

დღევანდელ ბაზარზე 35 მილიონი ძალიან ძვირი არ არის. 23 წლის შედარებით უცნობ, ასეთი აღნაგობისა და პოტენციალის გოლკიპერში ფულის ჩადება კი გონივრულ ნაბიჯად ჩანდა.

გამართლდა ბევრი გულშემატკივრის მოლოდინი. სადებიუტო წელს ალისონის ხშირი ტრავმების გამო მამარდაშვილი ბევრჯერ ვნახეთ საქმეში. ეს იყო მძიმე, თავიდან ბოლომდე საშინელი სეზონი. მამარდაშვილის სამწუხაროდ „ლივერპულს“ თამაში არ წაუვიდა, არ ჰქონდა მწყობრი სისტემა, აკლდა სტაბილურობა, დაცვა ნახვრეტებისგან შედგებოდა.

გასული სეზონის სტატისტიკა გუნდისთვის საამაყო არ არის. „ლივერპულის“ კარში მეტოქეებმა ბევრჯერ დაარტყეს და დაცვამ ბურთი უფრო მეტჯერ დაკარგა, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში ერთად.

ასეთ სამწუხარო რეალობასთან მოუხდა შეგუება ახალწვეულს. მას მოუწია ახალი ქვეყნის გაცნობა ახალ სახლში გადასახლება და ახალ თანაგუნდელებთან ადაპტაცია. მამარდაშვილს მოუხდა იმ „ლივერპულთან“ შერწყმა, რომელმაც სეზონისწინა მზადების პერიოდში ტრაგედია გადაიტანა. ამის მერე კი ახალი მეკარე გზასაცდენილ გუნდში შეაგდეს.

საბოლოოდ 24 წლის ქართველმა პრემიერლიგის 10 შეხვედრაში 18 გოლი გაუსვა. უკეთესად არც ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა გამოიყურება: 7 მატჩში გაშვებული 10 გოლი. მან კარი მშრალად მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეინახა.

სტატისტიკა ერთია, მაგრამ მამარდაშვილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისიც, რაც თვალით ჩანდა. „ვალენსიას“ ყოფილი მეკარე კარში საიმედო ჩანს. მისი მასიური, დათვის მაგვარი ფიგურა კარგი ფიზიკური მომზადებისა და მოედანზე გადაადგილების უნარის გამო ნდობას იწვევს. რამდენჯერმე მამარდაშვილმა როგორც შორიდან, ასევე ახლოდან დარტყმული ბურთების საუცხოო მოგერიებებით ყველას თვალი მოჭრა, მაგრამ ამ წამების მიღმა, უმოქმედობის ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში უკეთ მართებდა თამაში. ის ალისონს უნდა დამსგავსებოდა საჯარიმოში ყურადღების მოკრებასა და წინ გაწეული დაცვის ხაზით თამაშის პერიოდებში. მის სუსტ მხარეს ულაპარაკოდ წარმოადგენს დარტყმები და პასები. ამ მხრივ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი. ქართველი მეკარე აშკარად არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და როდესაც ბურთი დაბლა მისდის შორს და უზუსტოდ არტყამს. ამ უნარებით ის ალისონს მეტად ჩამორჩება და ეს თვალშისაცემია.

მამარდაშვილის ალისონთან შედარება გარდაუვალი და ალბათ უსამართლოა. „ლივერპულის“ მთავარი მეკარე ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში დედამიწაზე საუკეთესო იყო. მას ჰქონდა ბრაზილიური ოსტატობა, ყველა ის თვისება, რომელიც თანამედროვე მეკარეს სჭირდება და ამ ყველაფერს პლუს იშვიათი სამხრეთამერიკული შარმი. მისი მიბაძვა შეუძლებელია. მამარდაშვილს უახლოეს მომავალში სწორედ ალისონის ადგილს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ საამისოდ საკუთარი გზის გაკაფვა მოუხდება. კოპირება არ გამოვა. დიდი ოსტატის ნაკვალევზე სიარული რთული ამოცანაა.

ვის მისცეს საჭრელი და მარმარილოს ქვა მას მერე, რაც აღორძინების ეპოქის იტალიაში მიქელანჯელომ მოღვაწეობა დაამთავრა? ვინც არ უნდა ყოფილიყო, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მას ძალიან ბევრი მუშაობა მოუხდებოდა. მამარდაშვილს ეს ესმის.

დღეს საკითხი ასე დგას: „ლივერპულის“ ჩავარდნა გვერდით იყოს და ტოვებს კი მამარდაშვილი იმ კაცის შთაბეჭდილებას, რომელსაც შეუძლია წლების განმავლობაში მერსისაიდელების მთავარი მეკარე გახდეს? ჯერჯერობით ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი არის: არა! და მის მდგომარეობას ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას მოსვლა არ ამსუბუქებს.

მომავალი სეზონიდან „ლივერპული“ შემოგვთავაზებს ახალ სტილს, მიდგომასა და ფილოსოფიას. ირაოლა შემტევი ფეხბურთის მოყვარული ტაქტიკოსია, რომელსაც უყვარს, როდესაც გუნდი ბურთს დაბლა აგორებს და წინ სწრაფ პასებს აწვდის – ასეთი თამაში ჩქარი და მწვავეა. ერთი შეხედვით ეს სტილი იდეალურად მიესადაგება ალისონს და არა მამარდაშვილს, თუმცა ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ქართველი ადაპტაციას ვერ შეძლებს.

სეზონის დასაწყისში მსგავსი სიტუაცია ჰქონდა „მანჩესტერ სიტის“ , რომელმაც სეზონი სწრაფფეხება ჯეიმს ტრეფორდით დაიწყო, მაგრამ როგორც კი ჯანლუიჯი დონარუმას ყიდვის შესაძლებლობა მიეცა, სწრაფად შეტრიალდა სრული 360 გრადუსით. უნარებით მამარდაშვილი უფრო დონარუმას მსგავსი მეკარეა, ალისონის ექსპანსიური, რისკის შემცველი სტილი კი ტრეფორდის მანერას მიესადაგება. პეპ გვარდიოლამ კარი დიდ კაცს ანდო და ამან შედეგი მოიტანა.

ახალი მწვრთნელის წინაშე რთული ამოცანა დგას, მაგრამ მამარდაშვილი პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც შრომა და განვითარება სწყურია. თუმცა, მას შეიძლება გამოუჩნდეს მუდმივი პრობლემა ― თუკი ალისონი მისთვის უჩვეულო სეზონს ჩაატარებს ტრავმების გარეშე.

სათასო შეხვედრები ერთი მეორის მიყოლებით ჩატარდება, ირაოლას კი შემადგენლობის როტაცია უყვარს. ვინ იცის, მამარდაშვილი ჩემპიონ-გუნდში რომ მიდიოდა სხვა რამეს ელოდა, მაგრამ ახლა ამას აღარაფერი ეშველება.

ქართველმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, თუმცა არის შეშფოთების ერთი დიდი მიზეზი და ამ მიზეზს კაიომინ კელეჰერის რეპუტაცია ჰქვია. ეს რეპუტაცია ამ მეკარემ „ენფილდზე“ მოიპოვა და „ბრენტფორდში“ განამტკიცა, როდესაც ყველას აჩვენა, რომ ფასდაუდებელია.

ის მამარდაშვილზე ორი წლით უფროსია, მაგრამ პრემიერლიგაში თავს კომფორტულად გრძნობს და კვლავაც იხვეწება. ის ტალანტია და „ლივერპულის“ საკუთრება იყო, მაგრამ მერსისაიდელები მის 12.5 მილიონ გირვანქად გაშვებას დათანხმდნენ და კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა დამატებითი პირობა რომც შესრულდეს, თანხა 20 მილიონს ვერ გადააჭარბებს.

„წითლებს“ რატომღაც მამარდაშვილის ყიდვა სწყუროდათ და იმედია მომავალ სეზონში გამოჩნდება, თუ რატომ.

მამარდაშვილის საუკეთესო მომენტი: მეტი ქეშის დარტყმულის ფანტასტიკური მოგერიება, როდესაც ბურთი მცირედ ვირჯილ ვან დაიკისგან აისხლიტა.

მამარდაშვილის ყველაზე ცუდი მომენტი: თამაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“. როგორც მისი შეხვედრების უმეტესობაში გოლები უშუალოდ მისი შეცდომების გამო არ გასულა, მაგრამ დარჩა შეგრძნება, რომ ალისონი მის ადგილას მეტს გააკეთებდა.

შემდეგ სეზონში: პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ალისონის მარქაფაში იქნება, მაგრამ ალბათ საშინაო თასებზე ათამაშებენ.

დენი გალაჰერი, This is Anfield

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.