მედლები ბოლოს…

მედლები ბოლოს…

ვერცხლი და ბრინჯაო მონღოლეთიდან ულან-ბატორში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი და საქართველოს დელეგაციამ მედლების მოპოვება მხოლოდ ბოლო დღეს შეძლო.

თითო ვერცხლი და ბრინჯაოს – ასეთია ლაშა გუჯეჯიანის გუნდის მონაგარი. ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ.) ჯერ მონღოლი ალთანბაგანა განტულგა დაამარცხა, ვისაც იაპონელი კანტა ნაკანო მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელი იურ სპაიკერსს აჯობა და ოქროს მედლისთვის კორეელ მინჯონგ კიმს დაეჭიდა. საწუხაროდ, ჩვენებურმა ფინალში მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.

ილია სულამანიძემ (100კგ.) ჯერ ესპანელ ნიკოლოზ შერაზადაშვილს აჯობა, შემდეგ თურქმენ ბაიმურატ მაჯანოვს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში რუს არმან ადამიანთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ყაზახ მარატ ბაიკამუროვსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ჯაფარ კოსტოევს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, მონღოლოეთის დედაქალაქში კიდევ 10 ძიუდოისტი გამოდიოდა და უმედლოდ დარჩნენ: გიორგი სარდალაშვილი (60) ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური (ორივე 66), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73), ზაურ დვალაშვილი (81), ლუკა ჯავახიშვილი (90), ჯულიეტა როდონაია (48), ნინო გულბანი (70) და სოფიო სომხიშვილი (+78).

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.