გასულ უქმეებზე მსოფლიო რაგბის თითქმის ყველა წამყვანი ჩემპიონატი დასრულდა, თუ არ ჩავთვლით ტოპ 14-ს, სადაც ფინალიღა დარჩა გასამართი.
ტოპ 14
საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ორი გუნდიღა შემორჩა – ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბი „ტულუზი“, რომელიც 24-ჯერ იყო ჩემპიონი, და „მონპელიე“, რომელმაც თავისი ერთადერთი ტიტული 2022-ში მოიპოვა.
ტოპ 14-ის ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ტულუზელებმა ნახევარფინალში პარიზის „რასინგ-92“-ს უდიდესი უპირატესობით აჯობეს – 71:17. პარიზელებში ერთადერთი ქართველი იყო – ეროვნულ ნაკრებში 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გურამ გოგიჩაშვილმა პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა. გია ხარაიშვილმა მატჩი ტრავმის გამო გააცდინა, ხოლო ვლადი აშვეთია განაცხადში ვერ მოხვდა.

მეორე ნახევარფინალმა კი ქართველების გარეშე ჩაიარა: „მონპელიემ“ საკუთარ მოედანზე მეორე დედაქალაქურ კლუბ „სტრად ფრანსეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 25:15 სძლია. ორივე გუნდში 2-2 ქართველი ბურჯია, მაგრამ მონპელელი ლუკა ჯაფარიძე კარგა ხნის ტრავმირებულია, ნიკა აბულაძე განაცხადის მიღმა დარჩა, ხოლო პარიზელები სერგო აბრამიშვილი და გიორგი მელიქიძე დაშავებულები არიან. ჰოდა, გამოდის, რომ 27 ივნისს, სენ-დენის დიდებულს „სტად დე ფრანსზე“ ქართველთაგან თამაშის შანსი მხოლოდ აბულაძეს აქვს, თუმცა ესეც საეჭვოა, რადგანაც „მონპელიეს“ დამრიგებლები ფრანგ პირველ ნომრებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ვინ იცის.
აქვე შეგახსენებთ, რომ „მონპელიემ“ რამდენიმე კვირის წინ ჩელენჯ თასი მოიპოვა…
პრემიერშიპი
სამწუხაროდ, ინგლისის გასული ჩემპიონატის მთავარმა სენსაციამ, ბაჩუკი ჭუმბაძის „ექსეტერმა“ ლონდონის „თვიქნემზე“ ფინალი წააგო. „ბელადები“ მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ და მატჩის დასრულებამდე 16 წუთით ადრე 17:14 იგებდნენ კიდეც, მაგრამ „ნორთემპტონისა“ და ინგლისის ნაკრების გარემარბმა ჯორჯ ჰერდიმ 3 წუთში ორი საოცარი ლელო გაიტანა, დანარჩენი კი „წმინდანებისთვის“ უკვე მარტივი იყო. „ნორთემპტონმა“ ისტორიაში მესამედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ბაჩუკი ჭუმბაძემ კი ფინალში 45-ე წუთიდან ითამაშა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ინგლისის ვიცე-ჩემპიონის საპატიო წოდება დაიმსახურა.

იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპის, ანუ ჩვენებურად რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ფინალში ირლანდიურმა „ლენსტერმა“ სამხრეთაფრიკულ „ბულზს“ ფინალში დამაჯერებლად – 36:7 მოიგო და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მეათედ დაისაკუთრა, რაც რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. „ბულზს“ კი ჩემპიონობის მოპოვების მე-5 მცდელობა ჩაუფლავდა, მათ შორის 4 – ბოლო 5 სეზონში.
სუპერ რაგბი
„სუპერ რაგბი „პასიფიკის“ 2026 წლის ჩემპიონი ახალზელანდიური „ჰარიქეინზი“ გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე „ჩიფსს“ დამამცირებელი ანგარიშით მოუგო – 60:7. „ჰარიქეინზმა“ ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა, ხოლო „ჩიფსმა“ ზედიზედ მე-4 ფინალი წააგო.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!