ჟოზე მოურინიუ ბრიტანეთის რეკორდის დამყარებას აპირებს — “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი თავკაცი მზადაა ბელგიელ ედენ აზარში “ჩელსის” 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 101,7 მილიონი ევრო (305,6 მილიონი ლარი) გადაუხადოს. “განსაკუთრებულს” სწამს, რომ ვაჭრობაში “რეალსა” და “პარი სენ ჟერმენს” აჯობებს.

26 წლის აზარმა თავის ახლანდელ გუნდს უკვე უთხრა უარი კვირაში 300 000 გირვანქად ხელშეკრულების განახლებაზე. როგორც ჩანს, ის სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტებს განიხილავს.

ამბობენ, რომ “რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი აზარის შეძენას თავის უმთავრეს სატრანსფერო ამოცანად მიიჩნევს. თუ ესპანურ მას-მედიას დავუჯერებთ, ბელგიელი “თეთრებს” 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ შეუერთდება. მოურინიუ კი ესპანელთა საპირისპიროს ამტკიცებს. ის ამბობს, აზარი “იუნაიტედის” თავსატეხის უკანასკნელი დეტალიაო.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” ბელგიელი 2012 წელს ფრანგული “ლილისგან”  32 მილიონ გირვანქად შეიძინა. 2013 წელს “ლურჯებს” მოურინიუც შეუერთდა და 2014-15 წლებში მათ ერთად მოიგეს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული.

ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი ჯერჯერობით იმავე “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ “ევერტონისთვის” რომელუ ლუკაკუში გადახდილი 75 მილიონი გირვანქაა.