პეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს მოუწოდა, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მეტოქის ხრიკებს არ აჰყვნენ და ნერვები მოთოკონ. სამშაბათს „სიტიმ“ „მატრასების მკერავებს“ შინ მოუგო 1:0. გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა. მანამდე ორიოდ წუთით ადრე კი მოედანზე შევიდა ჯეკ გრილიში, რომელსაც ესპანელმა სტუმრებმა რამდენჯერმე უთავაზეს.
ერთ ეპიზოდში, როდესაც გრილიში წაიქცა, ანხელ კოერამ მას ბურთი მიარტყა, რის გამოც არგენტინელი გააფრთხილეს. გვარდიოლა თავად შევარდა მოედანზე და კორეას, სავარაუდოდ, გიჟი ეძახა.
„ქალაქელების“ კატალონიელი თავკაცი შემდეგ ოთხშაბათს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, რაღაც ამდაგვარს ელის. ის მიიჩნევს, რომ მასპინძლები მის ბიჭებს პროვოკაციებს არ მოაკლებენ.
„ჩვენ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ, ემოციები კი მოვთოკოთ, — თქვა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ, — სადავო მომენტების შესაფასებლად მოედანზე მსაჯი იქნება. „ატლეტიკო“ ფლეი-ოფში ჭიპმოჭრილი გუნდია, ასე რომ ჩვენს სიმწიფეს კარგი გამოცდა ელის.
დღევანდელი ეპიზოდების კომენტირებაც არ არის ჩემი საქმე. ამისათვის მსაჯი არსებობს. კარგია, რომ ჯეკმა თავი სწრაფად აიყვანა ხელში და კონფლიქტიდან კვლავ საქმეზე გადაერთო“.
შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორმა კევინ დე ბრუინმა კი მატჩი თავისი გადასახედიდან შეაფასა: „ძნელი თამაში იყო. ისინი ფაქტობრივად ხუთი მცველით და წინ ჩამდგარი ხუთი ნახევარმცველით თამაშობდნენ. ყველას, ვინც ჩვენს გაკრიტიკებას გადაწყვეტს, ვურჩევ ჯერ ვარჯიშზე სცადოს ასეთი წინააღმდეგობის გარღვევა.
ახლა ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მეტოქის თამაშს არ ავყვეთ. ვერაფერს იზამ, ეს მათი სტილია. მჭიდრო თამაშში „ატლეტიკოს“ ცოტა მეტი შეტევა მოუწევს“.
და ისევ გვარდიოლა: „კევინი მიმდინარე სეზონში ასეთ კარგ ფორმაში არ ყოფილა. სწრაფად მოქმედებს, ამწვავებს… ის მატჩის მსვლელობაზე დიდ გავლენას ახდენს“.
„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი დე ბრუინის მსგავსად ელის, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი, რომელსაც პირველ შეხვედრაში კარში არც კი დაურტყამს, მომდევნო ოთხშაბათს მეტად შეუტევს.
თავად სიმეონე კი ასე ამბობს: „დღეს განსაკუთრებულ მეტოქეს შევხვდით. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. „სიტი“ ძალიან დინამიკურად მოქმედებდა. ჩვენ, ჩვენი ხერხებით ვცდილობდით წინააღმდეგობის გაწევას. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი, ალბათ კონტრშეტევების დროს გვმართებდა მეტი სიმწვავე.
ვნახოთ, რა მოხდება მეორე შეხვედრაში. იქნებ ბურთი მეტად ვაკონტროლოთ და მოწინააღმდეგეს სირთულეები შევუქმნათ. თუმცა ამას სიმშვიდე და დაცვაში მაღალი დონის კოლექტიური მოქმედება დასჭირდება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
