ესპანეთის ნაკრების მაისურს ამიერიდან მეორე ვარსკვლავი დაამშვენებს. იოჰანესბურგში მოპოვებული პირველი ტიტულიდან 16 წლის შემდეგ „ლა როხამ“ დაძაბულ და ვნებათაღელვით სავსე ფინალის დამატებით დროში არგენტინას 1:0 მოუგო. გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ის ანდრეს ინიესტას შემდეგ მეორე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა. ქვემოთ გთავაზობთ მსოფლიო პრესის გამოხმაურებას.
Telegraph: ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული მოიგო, რაც იყო ფეხბურთის ტრიუმფალური გამარჯვება არგენტინელთა კრიმინალზე.
„ფეხბურთი 1 – კრიმინალები 0. ამ შეხვედრაში დამატებითი დრო გახდა საჭირო, მაგრამ საბედნიეროდ სპორტმა იზეიმა. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ესპანეთი, რითაც ჩვენ ყველა მოგებულები დავრჩით.
…მესი და არგენტინა არაფერს იმსახურებდნენ, რადგან არაფერი გაუკეთებიათ. ისინი გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფინალისტები, რომელთაც ძირითად დროში კარში არ დაურტყამთ. არაფერი გაუკეთებიათ გარდა იმისა, რომ ჯარიმდებოდნენ, ჯარიმდებოდნენ და კიდევ ერთხელ ჯარიმდებოდნენ. პირველ ტაიმში ისინი უფრო მეტჯერ დაჯარიმდნენ (9), ვიდრე მოედნის მესამე მესამედში პასი გადააწოდეს ერთმანეთს (8). ეს იყო საცოდავი, დამთრგუნველი ფეხბურთი და მათ დამსახურებულად წააგეს“.
The Times: ესპანეთის მეთოდმა მდუღარე ფინალში არგენტინელთა სიგიჟეს აჯობა.
დამატებით დროში „ბარსელონას“ თავდამსხმელის მიერ გატანილმა გოლმა მის ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტული მოუტანა. ეს იყო დაძაბული ფინალი, რომელიც იმით გამოირჩა, რომ არგენტინას შეტევა არ უნდოდა“.
Daily Mail: ჩხუბი ტიტულისთვის (Bight for the title)
ამ სათაურში გამოყენებულია სიტყვათა თამაში, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ეს იყო ბრძოლა მოედანზე და ჩხუბი ერთად.

„საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელმა და არგენტინელმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს, ისინი ერთმანეთს საშინელ სცენებში დაუპირისპირდნენ. თავი მესიმაც კი ვერ შეიკავა. როდესაც ესპანეთის ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე შევარდნენ, ზოგიერთმა არგენტინელმა ფეხბურთელმა თავი ვერ მოთოკა. იმ შეხვედრის ერთადერთი გოლი, რომელიც არგენტინამ ძალიან ცუდად ჩაატარა 106-ე წუთზე ფერან ტორესმა მას მერე გაიტანა, რაც 93-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო“.
The Guardian: დომინანტმა ესპანეთმა არგენტინას გვირგვინი ჩამოართვა
ეს იყო იდეის, იდენტობის ტრიუმფი. ეს იყო მასში ურყევად დარწმუნებული ხალხის გამარჯვება და როდესაც ყველაფერი დამთავრდა ესპანელთა ახალი თაობა, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ლეგენდარული ფეხბურთელებისგან შედგენილ გუნდს ბაძავდა, სიხარულისგან აფეთქდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გუნდი, რომელმაც იმედი გაამართლა იყო ესპანეთი. არგენტინა, რომელსაც შეტევის ამბიცია არ გააჩნდა ჯერ კიდევ ძირითადი დროის მიწურულს ენცო ფერნანდესის გაძევებამდე იყო განწირული. წარმოუდგენელი იყო, რომ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კარში დარტყმა ძლივს მოახერხა. ესპანეთმა მას თამაშის საშუალება არ მისცა. ზუსტად ისე, როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში სხვა მეტოქეებს არ აძლევდა ბურთაობის საშუალებას. მესიმ ზღაპრულ გამარჯვებას ვერ მიაღწია.
BBC: ესპანეთმა იმედგაცრუების ფინალში დამსახურებულად გაიმარჯვა
ესპანეთი მუდმივად ჩიოდა, რომ მსაჯი სლავკო ვინჩიჩი მის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. ახლა ის არის მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ქალთა ასევე კაცთა შორის.
Sky Sports: ფერანმა თავისი მეორე ტიტული მოიპოვა
ესპანეთის გამარჯვება ეხმიანება მის პირველ ტრიუმფს, როდესაც 2010 წელს უგოლო ფრის შემდეგ, დამატებით დროში გამარჯვების გოლი შეაგდო. მაშინ ნიდერლანდების ნაკრების კარში გოლი ანდრეს ინიესტამ გაიტანა, ახლა კი „ბარსელონას“ მეორე მოთამაშემ ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში. ესპანელთათვის ეს იყო დაუვიწყარი ტურნირი რომელიც პირველ შეხვედრაში კაბო ვერდესთან ფრით დაიწყო და დამთავრდა იმით, რომ საფრანგეთი და არგენტინა მასთან შედარებით არაფრით გამორჩეული გუნდები გამოჩნდნენ.
ole: არგენტინამ თავი დადო და ბრძოლაში წააგო: ესპანეთი დამსახურებული ჩემპიონია

ჩვენმა გუნდმა ტიტული ვერ დაიცვა ესპანეთის ნაკრებთან, რომელიც უკეთ თამაშობდა, უპირატესობას ფლობდა, ყველა მხრიდან უტევდა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. პერიოდულად ესპანელების უპირატესობა ტოტალური ხდებოდა. ენცო კურბასის წინააღმდეგ უხეშობისთვის სამართლიანად გააძევეს მოედნიდან. არგენტინამ ტონი მისცა მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც იმედია ისტორიაში არ შევა როგორც უდიდესი ფეხბურთელის უკანასკნელი ტანგო.
Clarin: არგენტინამ უფრო ძლიერ ესპანეთთან წააგო; მესის ბოლო ცეკვა ცრემლებით დასრულდა
ესპანეთმა ფინალისთვის სრულიად ძალაგამოცლილი არგენტინა დაამარცხა და მსოფლიოს მორიგი ჩემპიონი გახდა. მესის ბოლო ცეკვა ცრემლით დასრულდა. დე ლა ფუენტეს ბიჭები სკალონის გუნდს აშკარად სჯობდნენ. ენცო ფერნანდესი მოედნიდან გააძევეს. სკალონი ესპანელების ზეწოლას დამატებითი დროის მეორე ტაიმამდე უძლებდნენ, როდესაც ფერან ტორესმა ფინალის ერთადერთი გოლი შეაგდო. ეს მატჩი მსაჯისთვის სლავკო ვინჩიჩისთვის ძალიან ძნელი გამოდგა: მან ორი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალი მის კომპეტენციას აღემატებოდა. სლოვენიელმა ესპანეთს გოლი არ ჩაუთვალა და ენცო ფენანდესი გააძევა. ამ უკანასკნელმა ძალიან იმოქმედა არგენტინასა და მის ოცნებაზე ზედიზედ მეორედ მოეპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
La Nacion: არგენტინამ ესპანეთს წინააღმდეგობა გაუწია რამდენადაც შეძლო
ესპანეთი მსოფლიოს ახალი ჩემპიონია. შეხვედრის ტონს თავიდანვე ის კარნახობდა. ის ფლობდა ბურთს, თამაშობდა მაღალ პრესინგს, არგენტინას აიძულა დაცვაში ჩამჯდარიყო. არგენტინამ ტურნირი დაამთავრა ფინალში, რომელშიც ფაქტობრივად ბოლლმდე წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში სჯობდა.
Bild: ესპანეთის სიხარული და ექსტაზი, არგენტინის და მესის ცრემლები
„ბილდი“ ხაზს უსვამს, რომ ჩემპიონი გახდა 19 წლის ლამინ იამალი, რომელთანაც 19 წლის წინ მესიმ ფოტო გადაიღო.
Kicker: ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონობას იმსახურებდა
A Bola: ჩემპიონს ვერ იცნობდით. მან სტატუსი ბრძოლის გარეშე დათმო
TuttoSport: არგენტინა ტირის (Piangentina ქართულად ტირილენტინა გამოდის)

L’Equipe: თამაშის მეფეები
La Gazzetta dello Sport: ფერანმა არგენტინა დაასრულა და ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.
ესპანეთი. აუცილებლად ესპანეთი. რასაკვირველია ესპანეთი. ეს ფინალი ესპანეთს უნდა მოეგო, რადგან არგენტინას რომ მოეგო ფეხბურთი დიდ დარტყმას მიიღებდა. ესპანეთი დიდებული იყო, არგენტინა კი აუტანელი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/07/2026 | 09:05მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
