რაიან შერკისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი იმედგაცრუებით დამთავრდა. ის მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდის წარმატებულ და წარუმატებელ შეხვედრებში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღია. „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში პირველად მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოხვდა, მაგრამ ინგლისელებმა „ლურჯებს“ შესვენებამდე ოთხი გოლი გაუტანეს. შერკის ცუდად არ უთამაშია. 29 გადაცემიდან 25 სწორად შეასრულა, ოღონდ სითამამე აკლდა. ასე მაგალითად, კარში პირველად მე-11 წუთზე დაარტყა. კიდევ, იყო ერთი მომენტი, როდესაც კილიან მბაპეს ჩინებული პასი შეუყოლა, მაგრამ ბომბარდირმა ბურთი ვერ დაიმორჩილა.
პირველი ტაიმის წყლის შესვენების დროს თვალშისაცემი იყო, რომ ფრანგების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა შერკის შენიშვნა მისცა, მან კი გაღიზიანებული ჟესტით უპასუხა.
მეორე ტაიმში დეშამმა ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის რაიან შერკი. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ მეორე წყლის შესვენების დროს, როდესაც ფეხბურთელები მწვრთნელის გარშემო შეიკრიბნენ, შერკი ცალკე, სათადარიგოთა სკამთან გაზონზე წამოწოლილი დარჩა.

მატჩის შემდეგ დეშამს შერკის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „მე შევცდი. შეხვედრის დასაწყისშივე უნდა შემეცვალა რაღაცები და ვინ იცის საქმე უკეთ წასულიყო. ყველა თავისი თამაშის მიხედვით უნდა შეფასდეს. რაც შეეხება მოთამაშეების ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს, მათზე საჯაროდ არასდროს ვილაპარაკებ“.
მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში შერკი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრას არ გაურბოდა. ასე მაგალითად ესპანეთთან ნახევარფინალში წაგების მერე საკმაოდ ღიად თქვა: „დღეს ჩვენ საკუთარ თავთან დავმარცხდით“.
„ლიონში“ ჟორჟ მიქაუტაძის ყოფილმა თანაგუნდელმა არც ამჯერად აარიდა საჯაროდ ლაპარაკს თავი.
„მძიმე ამბავია, ხომ მართალია? მაგრამ რაც არის, არის. ჩვენ არასდროს ვნებდებით. უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, მეგობრებისთვის და ოჯახებისთვის“, – თქვა ნახევარმცველმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 12:07შერკი-ნება მწვრთნელთან
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 10:23რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
მთავარი ამბავი19/07/2026 | 09:44მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
მთავარი ამბავი18/07/2026 | 10:23დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
