ხაუმე დომენეკი

ესპანური გაზეთი AS „ვალენსიას“ მეკარეებზე წერას განაგრძობს. ჟურნალისტმა კონრადო ვალემ ყურადღება მიაქცია, რომ ხოსე ბორდალასს ლა ლიგის ყველა კოლეგაზე მეტი მეკარე ჰყავს. მისი თქმით, ზაფხულის ბაზრის დახურვის შემდეგ, რაღაც მანქანებით, „ღამურების“ გუნდში ერთბაშად ოთხი გოლკიპერი დაგროვდა: სილესენი, ხაუმე, რივერო და მამარდაშვილი. პირველ სამს ზურგზე მთავარი გუნდის ნომრები აწერია (ასევეა „სევილიაში“, „ბეტისში“, „რაიო ვალეკანოში“ და „ელჩეში“), ქართველის ნომერი კი არის 28, მაგრამ ის მეორე მეკარედ ითვლება.

ბორდალასი ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ის ამბობს: „რივერო, ხაუმე და მამარდაშვილი კარგად მუშაობენ. ჩვენ სამივეს ვენდობით“.

AS-ის ჟურნალისტი კი წერს, რომ მეკარეთა სიჭარბე მაინც ქმნის ერთგვარ სირთულეს და სათამაშო დროის განაწილების პრობლემას.

და მაინც, ბორდალასი კმაყოფილია, რომ ოთხივე გოლკიპერი პროფესიონალი და როგორც „ვალენსიაში“ ამბობენ, კარგი ბიჭია. როდესაც სეზონის დასაწყისში, ექვსი თამაშის განმავლობაში კარში მამარდაშვილი იდგა, არც სილესენს დაუწყია უღირსი ქცევა და ხელთათმანების დაბლა დაყრა და არც ხაუმე დომენეკს გამოუთქვამს პრეტენზია.

ახლა, მთავარი მეკარე სილესენია. ნიდერლანდების ეროვნული გუნდის კარის მცველმა უკვე ცხრა შეხვედრაში ითამაშა. რა არის დასამალი, არსებობდა რისკი, რომ ის პოზიციას ისევ დაკარგავდა, რადგან გუნდი ბევრ გოლს უშვებდა, თუმცა „ვილიარეალთან“ და „რეალ სოსიედადთან“ მან მნიშვნელოვანი დარტყმები მოიგერია.

სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მამარდაშვილმაც ბუნებრივად მიიღო. ბოლოს და ბოლოს, ის 21 წლის ბიჭია და იმას, რომ „ვალენსიას“ ძირითადში ექვს თამაშს ჩაატარებდა, არც კი ელოდა. თან, ბოლოს, „სევილიასთან“ მისი დღე აშკარად არ იყო.

დღეს ასეა: მამარდაშვილს, რომლის სანაცვლოდაც „ვალენსია“ 800 000 ევროს გადაიხდის, კლუბში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. მან ერთადერთი შეხვედრა ნოემბერში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად „ვალენსიას“ მეორე მეკარე მამარდაშვილია, ამ კვირაში, „უტრილასთან“ სათასო შეხვედრაში ბორდალასმა კარში ხაუმე ჩააყენა, რომლის ქცევა მართლაც სანიმუშოა. კრისტიან რივერომ კი მართალია კლუბთან კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე არცთუ დიდი ხნის წინ მოაწერა, ჯობს იანვარში ახალი კლუბი მოძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ სეზონშიც უთამაშებელი დარჩეს.

ხაუმეს 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი და საიანვროდ ახალი კლუბის მოძებნას არ აპირებს. ამასთან, მან იცის, რომ მისთვის მთავარი შეჯიბრება ალბათ მაინც თასის გათამაშება იქნება. მეკარე, რომელიც წარმოშობით ალმენარადან (ვალენსიიდან 30 კილომეტრში მდებარეობს) არის, ძლიერი პიროვნებაა, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობს და თავის შანსს მოთმინებით ელოდება. ასეა თუ ისე, მას იანვრის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე საჩქარო არაფერი აქვს, მერე კი გამოჩნდება რა მოხდება — მეკარე დაშავდება, მწვრთნელი აზრს შეიცვლის თუ სხვა.