ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ სიტის” ვერ აჯობა და დამარცხდა. არადა, პარიზულ გუნდს, მანჩესტერულისა არ იყოს, რამდენი ხანია უდიადესთა მარაქაში უნდა გარევა — ლიგის მოგება სურს. და აი, როდესაც ევროპული ფეხბურთის ყველა გრანდს კორონაპანდემიამ ჯიბეები შეუთხელა, პსჟ ფულს დასტა-დასტა აფრიალებს და ახალ ფეხბურთელებს ყიდულობს.
პარიზელთა პირველი შენაძენი იქნება 22 წლის მაროკოელი განაპირა მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც გვარიანად ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად „რეალში”, „დორტმუნდსა” და „ინტერში” მოასწრო თამაში. ის მილანელთა შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონიც გახდა. მასში პსჟ 60 მილიონი ევროს იხდის.
ჰოლანდიელი ჟორჟინიო ვინალდუმი, რომელიც ორიოდ დღის წინ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ტრიალებდა მოედანზე, ჩათვალეთ, რომ უკვე „პარკ დე პრენსზეა”. მას სამედიცინო შემოწმებაღა აქვს გასავლელი. ვინალდუმი 30 წლისაა და „ლივერპულთან” კონტრაქტის ვადა გაუვიდა ანუ თავისუფალი აგენტია.
ნიშანდობლივია, რომ 30 წლის ვინალდუმის დამატება „ბარსელონას” უნდოდა და ყველას ეგონა, რომ მხარეები შეთანხმებულებიც კი იყვნენ, მაგრამ საქმეში „პარი სენ ჟერმენი” ჩაერია და ფეხბურთელს ისეთი ხელფასი შესთავაზა, რომ „კატალონიის სიამაყემ” გაცლა ამჯობინა.
აშრაფ ჰაკიმის ტოლია იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაც, რომელსაც ახალგაზრდობის მიუხედავად, უმაღლეს დონეზე უკვე ბევრი აქვს ნათამაშევი: 216 მატჩი „მილანში” და 26 იტალიის ნაკრებში. მას „როსონერისთან” კონტრაქტის ვადა გაუვიდა, ხელფასს კი ისეთს ითხოვს, რომ ვერც „მილანი” იღებს ხმას და ვერს სხვა გრანდი „პარი სენ ჟერმენის” გარდა.
არადა, პარიზელებს მეკარის პრობლემა არ აქვთ. მათ კარს კეილორ ნავასი იცავს. 34 წლის კოსტა რიკელის გარდა კიდევ ექვსი(!) გოლკიპერი უშუალოდ კლუბში ვარჯიშობს, ორი კი იჯარით ჰყავთ გაშვებული, მაგრამ დონარუმა ისეთი გემრიელი ლუკმაა, რომ პარიზელები მას ხელიდან ვერ გაუშვებენ — იყიდიან და სავარაუდოდ იჯარის წესით „რომაში” გაუშვებენ ჟოზე მოურინიუსთან.
პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ სულ ცოტა ხნის წინ „ეკიპისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დონარუმასა და აშრაფ ჰაკიმის კბილა კილიან მბაპეს, რომელიც 20 წლისა უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო, „რეალს” არ დაუთმობს და გაისამდე ანუ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს. მბაპეს ხელფასი წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება.
და ალ-ხელაიფიმ არც ლეო მესით დაინტერესება დამალა: „მე „ბარსელონას” პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მესის კონტრაქტის ვადა ეწურება, ასე რომ მასთან დალაპარაკების უფლება ყველა კლუბს აქვს”.
ჩამოთვლილ ფეხბურთელებს დაამატეთ ნეიმარი, რომლის ხელფასი წელიწადში 37 მილიონი ევროს ფარგლებშია, ანხელ დი მარია, სხვა ვარსკვლავები და… ვითომ, „პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას კიდევ ვერ მოიგებს?