თუკი პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში” აღარ დარჩება, „ქალაქელები” მის ადგილზე მაურისიო პოჩეტინოს მიყვანას შეეცდებიან.

იმავდროულად, არგენტინელი მწვრთნელის სამსახურში აყვანა „ბარსელონასაც” სურს. კატალონიის დედაქალაქში კიკე სეტიენის თანამდებობიდან მოხსნა მომწიფდა და ახალი თავკაცის საკითხი დგას.

და რა უნდა თავად პოჩეტინოს? მას, როგორც ამბობენ, ყველაფერს, ინგლისში მუშაობა და ცხოვრება ურჩევნია. აქამდე ხომ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა და პრემიერლიგას კარგად მოერგო. ამასთან, მან „სფურზი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

პოჩეტინოს „სიტის” შეფებს შორის დიდი თაყვანისმცემლები ჰყავს. ამასთან, გვარდიოლამ, რომლის გუნდმაც ჩემპიონთა ლიგაში „ლიონის” ბარიერი ვერ გადალახა, კონტრაქტის თანახმად, „ეტიჰედზე”, კიდევ რვა თვე უნდა გაატაროს და თუ ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, თავისუფალია.

ცნობისთვის: „სიტიში” 2021 წლის ზაფხულის შემდეგ დარჩენის დიდი სურვილი გვარდიოლას ჯერჯერობით არ გამოუთქვამს.

რასაკვირველია, კლუბის პატრონებს ყველაფერს მაინც კატალონიელი მწვრთნელის დატოვება ურჩევნიათ. ამასვე უჩიჩინებენ გვარდიოლას მისი ახლო მეგობრები და კოლეგები, „ქალაქელების” აღმასრულებელი შეფი ფერან სორიანო და საფეხბურთო საქმეთა დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინიც, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ერთი თვის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თავად  პეპს წამოცდა, რომ „მანჩესტერ სიტის” არაბი პატრონი ხალდუნ ალ მუბარაქი გუნდის ევროშედეგებით უკმაყოფილოა — ზედიზედ მეოთხე სეზონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი „სიტისთვის” გადაულახავ ბარიერად ქცეულა. ამას დაემატა ისიც, რომ გუნდი ამ სეზონში ვერც ინგლისის ჩემპიონი გახდა და ვერც ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო.

და კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი: მაურისიო პოჩეტინო ფეხბურთელობის დროს „ესპანიოლში” თამაშობდა და 2009-12 წლებში წვრთნიდა კიდეც ამ გუნდს. „ესპანიოლი”, მოგეხსენებათ ქალაქ ბარსელონის გუნდია და კატალონიელთა საყვარელ „ბარსელონასთან” დაპირისპირებული გახლავთ, რის გამოც არგენტინელს ერთი-ორჯერ უთქვამს, რომ „ბარსელონაში” სამუშაოდ არ მივა. „ესპანიოლის” ერთგულების გამო.