დიდიე დეშამმა კარგად იცის, რომ ერთგული ასისტენტის გი სტეფანის წინაშე ვალშია. Bein Sports-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც საფრანგეთის ნაკრების თავკაცის მარჯვენა ხელს ეძღვნება და იქ არის ნაჩვენები, როგორ მისწერა დეშამმა სტეფანს ვრცელი წერილი. ეს „ლურჯების“ აშშ-ში გამგზავრებამდე მოხდა.
შემდეგ, უკვე მუნდიალის დღეებში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ყველამ კარგად იცის: დეშამს დედის გარდაცვალების გამო საფრანგეთში მოუწია დაბრუნებამ და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნორვეგიასთან გუნდის გაძღოლა სტეფანმა იტვირთა.
„საკმაოდ ვრცელი წერილია, – ღიმილით ამბობს დეშამის ასისტენტი და კითხვას იწყებს, – აქ წერია: „ძვირფასო გი, ჩვენს შორის უკვე ისეთი კავშირია, რომ დიდხანს ლაპარაკი აღარც გვჭირდება. ხშირად ერთმანეთის გასაგებად უბრალო შეხედვაც გვყოფნის. და ვინაიდან ლაპარაკი საჭირო აღარ არის, ამიტომ გწერ.

დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც მე „იუვენტუსიდან“ წამოვედი, შენ „ბეშიქთაში“ დატოვე. იმხანად ასისტენტი მჭირდებოდა და ეს როლი შენ შემოგთავაზე. ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება.
ჩვენ ერთად ბევრი რამ გადაგვხდა, რაც ჩემთვის ნამდვილი პატივი და პრივილეგიაა. ვიცი, რომ ამერიკაში როგორც ყოველთვის ყველაფერს გააკეთებ რათა მივაღწიოთ იმას, რაც მიზნად გვაქვს დასახული. რათა შენი მეუღლე ფანფანი, ვაჟები გილემი, ჟულიენი და მთელი ოჯახი ამაყობდეს“.
დეშამი სტეფანის ოჯახს აღწერს როგორც ორი მეგობრის ურთიერთობაში წონასწორობის წერტილს. „ჩვენს შორის ბევრი საერთოა. მწამს, რომ ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა გარდაუვალი იყო“, – აღნიშნავს წერილში საფრანგეთის ნაკრების თავკაცი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
„ეს წერილი ნამდვილი სიურპრიზი გამოდგა. გრძნობებს როგორც წესი ვმალავ, მაგრამ ახლა თავს ვერ ვიკავებ და ცრემლს ვიწმენდ“, – ამბობს დოკუმენტურ ფილმში სტეფანი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
