გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი

გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი

შაბათს ესპანეთის ნაკრებმა იერემი პენიასა და ნიკო უილიამსის ტრავმები დაადასტურა. მოგვიანებით ორივე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა „ბილბაოს“ ფორვარდის უილიამსის წერილი რომელშიც ის ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. მას პუბალგია ანუ თიაქარი ახალი მორჩენილი ჰქონდა, ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო დე ლა კრუზმა კი ერთ-ერთი მორიგი უხეშობის დროს ხელახლა ატკინა.

უილიამსმა დაწერა: „დღეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა. უმძიმესი წლის შემდეგ კვლავ დავშავდი. გასული წლის განმავლობაში პუბალგიამ ბევრი ბრძოლა მომიგო, მაგრამ ომში ვერ დამამარცხა. ტრავმას მუხლჩაუხრელი შრომით, თავგანწირვით და რაც მთავარია პასუხისმგებლობის გრძნობით ვძლიე. გადავიტანე ტანჯვის, დარდის, გაურკვევლობის და მღელვარების წელიწად-ნახევარი. ტკივილთან ერთად ცხოვრებაც კი ვისწავლე. ტკივილი ჩემი თანამდევი იყო ისეთ მარტივ სიტუაციებში, როგორიცაა აბაზანაში შესვლა, მანქანაში ჩაჯდომა ნა მანქანიდან გადმოსვლა. ამოცანად ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნების მიღება დავისახე, რადგან თუ თავს ბედნიერად არ ვგრძნობ, ჩემს საუკეთესო მხარეს ვერ ვაჩვენებ. საბოლოოდ პუბალგიის პრობლემას ვძლიე, მაგრამ შემდეგ ბარძაყის კუნთი ვიტკინე. ახალმა ტრავმამ ახალი გამოცდა მომიწყო. ერთხელაც შევწყვიტე ღიმილი, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი.

და აი, გუშინ კვლავ დავშავდი. ჩემი კოლეგა-ფეხბურთელი შეხვედრის მიმდინარეობამ გააღიზიანა და ეს გაღიზიანება უხეშობით გამოხატა. ვფიქრობ, ამ ტრავმის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რადგან იმ ეპიზოდში მისი მხრიდან სრულიად უსაფუძვლო იყო. მაგრამ, მე ესეც ვერ გამაჩერებს. ვიცი, რომ ღმერთს ვჭირდები და ამიტომ ბრძოლას ბოლომდე განვაგრძობ. არ შევწყვეტ იმის კეთებას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ეს გახლავთ ფეხბურთის თამაში, ბედნიერების შეგრძნება და სხვათა გაბედნიერება.

მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარდაჭერის წერილები გამომიგზავნა. ისტორია ჯერ არ დამთავრებულა. ამავე მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდებით, შეძლებისდაგვარად მალე“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.