ფრანგული სეზონის ზედ დაწყების წინ გაირკვა, რომ ტოპ 14-სა და პრო D2-ს თითო ქართველი მორაგბე დაემატება.

დავით გიგაური – 25 წლის მეორეხაზელი, რომელიც მისი რუმინული კლუბის „ბუქურეშტის“ დაშლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. გიგაური ამჟამად საქართველოს ნაკრების ორგზის შეკვეცილ გაფართოებულ შემადგენლობაში მსოფლიო თასისთვის ემზადება. 197 სმ. სიმაღლისა და 120 კგ. წონის გიგაური საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის კლუბ „კოლომიეს“ შეუერთდება, სადაც მას ვეტერანი ბორჯღალოსანი ბურჯი ბექა შეყლაშვილი დახვდება. ის „კოლომიეში“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით მივიდა და კლემან შარტიეს შეცვლის, რომელმაც ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ დავითი კლუბში მთელ სეზონს გაატარებს.

მეორე ქართველი ჯოკერი კი 31 წლის ანტონ ფეიქრიშვილია, ვინც თავის პირველ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. ტოპ 14-ის „აჟენში“ მარჯვენა ბურჯის პრობლემა შეიქმნა, როცა არგენტინელმა ხოელ სკრავიმ მარჯვენა მხარი სერიოზულად დაიშავა და სამშობლოში საოპერაციოდ გაემგზავრა. ბურჯი არგენტინაში იანვრამდე დარჩება, რის შემდეგაც „ხაგუარესს“ შეუერთდება და სუპერ რაგბში ითამაშებს, ამდენად „აჟენმა“ მას კონტრაქტი გაუწყვიტა და არგენტინელის შემცვლელის ძებნას შეუდგა.

მართალია, „აჟენის“ ახალ მენეჯერ კრისტოფ ლოსიუკს ახალზელანდიელ ბურჯს სთავაზობდნენ, მაგრამ მან ანტონი ამჯობინა. ვეტერანი ბორჯღალოსანი (183 სმ. 118 კგ.)გასულ სეზონში იგივე სტატუსით „მონ-დე-მარსანში“ თამაშობდა, რომელსაც სათავეში სწორედ ხსენებული ლოსიუკი ედგა, რომელმაც თავისი ყოფილი შეგირდი მალევე დაითანხმა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფეიქრიშვილი „აჟენის“ სასტარტო შემადგენლობაში უკვე დამდეგ შაბათს, მამუკა გორგოძის „ტულონთან“ საშინაო მატჩში იქნება. ცნობისთვის, „აჟენის“ ძირითადი მარცხენა ბურჯიც ქართველია – ბორჯღალოსანი გიორგი თეთრაშვილი.