დრო იყო, ჩვენი „დინამოს“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელს აზერბაიჯანულ კლუბთან მოედანზე გასვლას ვერ აკადრებდი. დღეს კი „გაბალასთან“ მოგებამ გამახარა. 2016-17 წლების სეზონში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ევრო თასების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, აზერბაიჯანული კლუბები კი ათ წელიწადზე მეტია გვიგებენ. მოდი და ეს პატარა გამარჯვება ნუ გაგახარებს.

თანაც, ჩვენი სამი გუნდი ევრო საგზურებისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს…

გაბალას ფეხბურთელებმა ლევან შენგელია ასეთი მეთოდითაც ვერ შეაჩერეს                                                                                                                      ბადრი კეთილაძის ფოტო

ჩიხურა ბოლო წლების ქართული ფეხბურთის სინდისად იქცა. ქალაქმა არ მოგატყუოთ, საჩხერელებს დიდი ფინანსური რესურსი არასდროს ჰქონიათ, თუმცა ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც თავის სამუშაოს სამაგალითოდ ასრულებს. ჩიხურა ევროპა ლიგაზე 2012-13 წლებიდან თამაშობს და თავზე ხელის წამორტყმის საშუალება ჯერ არავისთვის მიუცია. ასე დამაჯერებლად, სამწუხაროდ, სხვა კლუბებზე ვერ ვლაპარაკობთ. ფრუიძის გუნდი ლუქსემბურგის „ფოლას“ რომ დაამარცხებდა, ეჭვი არც ერთი წამით შეგვპარვია. დარწმუნებულნი ვართ, საშინაო ფრეს (1:1) შემდეგ, ჩვენი გუნდი შოტლანდიაში „აბერდინთანაც“ ღირსეულად ითამაშებს და იქ არავინ იტყვის, ჯერ ეკონომიკურად დავეწიოთ, თამაშს აზრი მხოლოდ ამის შემდეგ ექნებაო.

თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანში გაბალა 2:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ მეზობლებმა შეგვაქეს, მხარზე ხელი დაგვარტყეს, მართლაც ევროპული დონის ფეხბურთი აჩვენეთო. მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თბილისური მატჩი ჯერ კიდევ წინ არის და განაღდებული არაფერია. მალე ისეთი ფეხბურთი გვეთამაშოს, „გაბალას“ შესაქები არაფერი გვჭირდეს და მათგან ეს ისეთივე უხერხულად ჩანდეს, როგორიც 81 წლის დინამოს შემთხვევაში იქნებოდა…

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ მართალია ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა თბილისურმა გუნდმა ფეხბურთის თამაში სცადა, რიგ ეპიზოდებში კი ამას მეტოქეზე უკეთაც აკეთებდა. იმის განცდა არ დამრჩენია, თითქოს ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო.

პირველ ტაიმში საბურთალომ ზაგრები კი ამოატრიალა, მაგრამ ბოლომდე ძალა ვერ იკმარა

გია ჭიაბრიშვილი ისეთი სპეციალისტია, საჭირო სიტყვებს რომ პოულობს და გუნდის მოტივირება შეუძლია. შეცდომები მასაც მოსდის, თუმცა მთავარი აღმოაჩნდა – ის ამას აღიარებს და არ ჯიუტდება. გონებაში იმედის მკრთალი ლანდი ჯერ კიდევ დაიარება, საბურთალომ ჩემპიონთა ლიგაზე ხომ მხოლოდ სამი შეხვედრა ითამაშა და ყველაზე უკეთ ეს მეტოქის მოედანზე გააკეთა… ქართული კლუბებისგან ბოლო წლებში რაც ყველაზე მეტად მაკლდა, ეს ხასიათის შტრიხები იყო. მომენატრა, ჩვენი გუნდები თითქოს ერთ ორგანიზმად რომ თამაშობდნენ, იბრძოდნენ, ბრაზობდნენ, ბობოქრობდნენ…

მწვრთნელი როცა გეტყვის, მსოფლიოში ფეხბურთის თამაში ყველაზე უკეთ შეგიძლიაო. მინდორზე მოვალეობის მიზნით აღარ გამოდიხარ, ბურთი გწყურია და მზად ხარ ტირასპოლში შერიფს 3:0 მოუგო.

მეორე ეტაპზე გასვლა კარგია, თუმცა ამით ამ ქართულ მიმინოს ჯერ ფრთები არ გაუშლია. მაშინ გაშლის, როცა ტობოლს და ყარაბახს ადვილად მოვუგებთ, ასტანა კი, სულ მცირე, გრანდად მაინც აღარ მოეჩვენება…