აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს

აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს

სომალელი მსაჯი ომარ აბდულკადირ არტანი აშშ-ში არ შეუშვეს. ის მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოემსახურება. AFP-ს მიერ გავრცელებული ცნობა ფიფამაც დაადასტურა.

„ფიფა მასპინძელი სახელმწიფოს საემიგრაციო პროცედურებში, მათ შორის ვიზების გაცემაში ვერ ჩაერევა. აშშ-ის ხელსუფლებამ შეგვატყობინა, რომ ბატონი არტანის სტატუსი ამ ეტაპზე ვერ შეიცვლება. წინა შეჯიბრებების მსგავსად ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვება და ვიზების გაცემა ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივაა“, – დაწერა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ.

AFP-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აშშ-ს სასაზღვრო პატრულის ცნობაზე დაყრდნობით განმარტებულია, რომ  6 ივნისს მაიამის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩაფრინდა სომალის მოქალაქე, რომელიც ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ დამატებითი შემოწმების ობიექტი გახდა. ამ ინსპექტირების პროცესში გაირკვა, რომ მას საანკეტო მონაცემებში პრობლემა აქვს და აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მიზეზით ქვეყანაში შეშვებაზე უარი ეთქვა“.

საინტერესოა, რომ სომალის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მთავარი მრჩეველის თქმით ომარ აბდულკადირ არტანს მოქმედი ვიზა ჰქონდა, რომელიც ბუნებრივია აშშ-ს შესაბამისმა საელჩომ მისცა. ხსენებულმა სამინისტრომ დიპლომატიური არხების გამოყენებით ყველა ღონე იხმარა ამ კონკრეტული მსაჯის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ სომალი ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, რომლის მოქალაქეებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში შესვლა აუკრძალა და ის ფაქტი, რომ ომარ აბდულკადირ არტანი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული არბიტრია ვერაფერს ცვლის. მინისტრმა ომარ არტანმა, რომელიც ახალგაზრდობაში ქვეყნის ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი იყო, საფეხბურთო სამყაროს რთულ მომენტში თანადგომისკენ და „ფეარ ფლეის“ პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

34 წლის ომარ აბდულკადირ არტანი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2025 წელს წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელა, თუმცა ტრამპმა ნოემბრის ბოლოს სომალის დამპალი ქვეყანა უწოდა და აშშ-ში მცხოვრები სომალელების ქვეყნიდან გაძევებაზეც დაიწყო ლაპარაკი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.