ფრანგულ footmercato-ს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო დიპლომატიური კრიზისის და დაძაბულობის კერა იყო, ვიდრე კარს მომდგარი ფესტივალი. ბევრმა დელეგაციამ აშშ-ში შესვლის პროცედურა გააპროტესტა. ზოგს მათთვის გამოყოფილი ბაზები არ მოეწონა. სომალელი მსაჯი ომარ არტანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ერაყელი თავდამსხმელი აიმენ ჰუსეინი ჩიკაგოში რამდენიმე საათით დააკავეს, მისი გუნდის ფოტოგრაფი კი ქვეყანაში უბრალოდ არ შეუშვეს. სენეგალის, უზბეკეთის და მაროკოს დელეგაციათა წევრებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შეურაცხმყოფელი იყო. ირანის ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წევრს ვიზა არ მისცეს. დღე არ გავა მსოფლიო მედიაში რომ არ დაიწეროს არაპროფესიონალიზმისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და აშშ-ს უკვე უამრავ პრეტენზიაზე უწევს რეაგირება.
ჩამოთვლილი წვრილი თუ მსხვილი ინციდენტები ემატება ზოგად ფონს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გარშემო ბოლო თვეებში შეიქმნა. დასავლური პრესა გაღიზიანებულია ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოსა და დონალდ ტრამპის მეგობრობით. წერენ, რომ ინფანტინო და მისი ორგანიზაცია რიგ სერიოზულ პრობლემებს უბრალოდ არ იმჩნევს. ცალკე განხილვის თემაა ბილეთების ფასები, რომლებიც არათუ ღარიბი, წელში გამართული ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც მეტისმეტია.

აშშ-ს მიერ დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სულს, რომლის პროპაგანდასაც ფიფა ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა. ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ხდება მსოფლიოს ჩემპიონატის სულისკვეთებასთან კავშირში უბრალოდ არ არის. მსოფლიო მედია ყურადღებას ისეთ წვრილმანებსაც კი აქცევს, როგორიცაა მაგალითად მრავალჯერადი მოხმარების ბოთლების სტადიონზე შეტანის შეზღუდვა. კრიტიკის საგანია ოფიციალური ბილეთების მქონე ადამიანთათვის დაწესებული სირთულეები.
პრობლემებია მექსიკაშიც, სადაც ნარკოკარტელების აქტივობა შემაშფოთებელ მასშტაბს იღებს. სახელმწიფომ ძალ-ღონე არ დაიშურა რათა ნარკოდანაშაული მუნდიალის პერიოდში მაინც შეემცირებინა, მაგრამ გვადალახარაში, მონტერეისა და მეხიკოში საქმე რთულად არის. ამერიკულმა კომპანია Recorded Future-მ გამოაქვეყნა ოცდაათგვერდიანი დასკვნა, სადაც არასახარბიელო სურათია დახატული.
მსოფლიოს ჩემპიონატი იდეალური სამიზნეა ტერორისტული დაჯგუფებებისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის, კიბერდამნაშავეებისთვის და სხვა კრიმინალური ფენებისთვის. დასკვნაში წერია, რომ განსაკუთრებული რისკის ზონებია სტადიონის მიმდებარე ტერიტორიები, ფან-ზონები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, სასტუმროები და თავშეყრის სხვა ადგილები. მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა დაამძიმოს იმანაც, რომ ამ დღეებში აშშ დამოუკიდებლობის 250 წლისთავს აღნიშნავს. მოსალოდნელია პოლიტიკური დემონსტრაციები. მექსიკაში ელიან ანტი-ფიფა გამოსვლებს, სავარაუდოდ გააქტიურდება სხვადასხვა პროფკავშირი.
რთული ვითარებაა კიბერდანაშაულის კუთხითაც, სადაც უკვე გამოვლენილია ათასობით ყალბი დომენი. ქსელში გაშვებულია მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული ბევრი ვებ-გვერდი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მზადდება ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული აურაცხელი ცრუ გზავნილი. გააქტიურებულია ფიშინგი და ამოქმედებულია მაღალტექნოლოგიური თაღლითობები.
ცალკე თემაა სახელმწიფო ჯაშუშობა. ცხადია ასეთი მასშტაბის ხალხმრავლობა აგენტების შეგზავნისა და ინფორმაციის მოპოვებისთვის იდეალური გარემოა. footmercato წერს, რომ ამით განსაკუთრებით იხეირებს ჩინეთი, რომელიც შეეცდება ჩაატაროს ოპერაციები რიგ პოლიტიკოსთა, ბიზნესმენთა და ტელეკომუნიკაციის ოპერატორების წინააღმდეგ.
როგორც შეამჩნიეთ ყურადღება ძირითადად აშშ-სკენაა მიპყრობილი. როგორც აღვნიშნეთ სირთულეებია მექსიკაშიც და შედარებით მშვიდ კანადაში თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები ტორონტოსა და ვანკუვერშიც გამალებულები მუშაობენ. რამდენიმე ირანელი საფეხბურთო ჩინოვნიკი კანადაშიც არ შეუშვეს.
წერენ რომ რუსეთი უფრო დეზინფორმაციისა და გავლენის კამპანიებზე გაამახვილებს ყურადღებას. შეიძლება ჩაატაროს შეზღუდული კიბერ-ოპერციებიც.
footmercato-ს ცნობით მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დროშებსა და ჰიმნებს მიღმა ვითარება საკმაოდ დაძაბულია. აშშ-ს ხელისუფლებას ესმის, რომ შესაძლოა ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან და თავის გასართმევად რთულ ღონისძიებას მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
