რაფა ბენიტესი „ნიუკასლ იუნაიტედიდან” გაუშვეს და ახლა მის ადგილას ჟოზე მოურინიუს მიპატიჟებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ნიუკასლელ ფანებს ყველაზე მეტად პორტუგალიელის მიყვანა უნდათ, ის კი, მოგეხსენებათ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, თავისუფალია.
რატომ ჰგონიათ ნიუკასლელებს, რომ „განსაკუთრებული” მათი არცთუ ბობოლა კლუბით დაინტერესდება? საქმე ის არის, რომ მოურინიუ „ნიუკასლის” ლეგენდარულ თავკაცის ბობი რობსონს წლების განმავლობაში მარჯვენა ხელად თუ შვილობილად ჰყავდა. რობსონმა ის 1992 წელს გაიცნო, როდესაც ლისაბონში ჩასულმა ინგლისურის მცოდნე ადგილობრივი ასისტენტი ითხოვა. თავიდან მწვრთნელი და თარჯიმანი „სპორტინგში” იყვნენ ერთად, შემდეგ „პორტუში”, საიდანაც „ბარსელონაში” გადავიდნენ. მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და როდესაც შარშან, აგვისტოში, ბობი რობსონის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ, მოურინიუს „ნიუკასლ იუნაიტედის” შესახებ ჰკითხეს, მან ასე მიუგო:
„მე მიყვარს ნიუკასლში ჩამოსვლა. მსიამოვნებს, რადგან მაქვს შეგრძნება, რომ მისტერ რობსონს შინ ვსტუმრობ. მე მიყვარს „სენტ ჯეიმს პარკი”, იქაური ატმოსფერო. ამ სტადიონზე კარგი, ენთუზიაზმით აღსავსე ფანობა იკრიბება. მიყვარს ჯორდები”.
ახლახან კი დაირხა ხმა, თითქოს პორტუგალიელმა მეგობრებს უთხრა, რომ თუ „ნიუკასლ იუნაიტედი” მართლა გაიყიდებოდა და მაიკ ეშლის ნაცვლად მისი მეპატრონე შეიხი ხალედ ბინ ზაიედ ალ ნეჰაიანი გახდებოდა, ის სიამოვნებით დაიკავებდა მწვრთნელის თანამდებობას.
კლუბი არ გაიყიდა, მაგრამ რაფა ბენიტესი გაუშვეს და ახლა ალბათ მაიკ ეშლი ცდის მოუს გადაბირებას.
ბენიტესს კი „ნიუკასლის” ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადებით მადლობა გადაუხადა, აქო-ადიდა და თქვა, რომ მას 30 ივნისს კონტრაქტის ვადა ეწურება, ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად კი საერთო ენა ვერ გამოვნახეთო.
ბენიტესთან ერთად დაითხოვეს მისი ესპანელი ასისტენტების მთელი ჯგუფიც.