ინგლისი ფეხბურთის ახალი წესის შემოწმებას იწყებს. გასულ სეზონში იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც დაშავებულ მეკარეს ექიმი პირდაპირ მოედანზე მკურნალობდა, რა დროსაც ფეხბურთელები ისვენებდნენ და მწვრთნელებისგან დავალებებს იღებდნენ. ასეთი პაუზა მატჩის მიმდინარეობას ცვლიდა.
2023-24 წლების სეზონში შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც როდესაც ეგრეთწოდებული მინდვრის მოთამაშე ექიმის დახმარებას საჭიროებს, მან მოედანი უნდა დატოვოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე, რომელმაც ტრავმის გამომწვევი ქმედება ჩაიდინა ყვითელ ბარათს იღებს, მაგრამ ეს წესი არ ვრცელდებოდა მეკარეებზე. გოლკიპერს შეეძლო სამედიცინო დახმარება პირდაპირ მოედანზე მიეღო. BBC წერს, რომ ამიერიდან სხვანაირად იქნება.
როგორც თავში მოგახსენეთ, ინგლისში ტესტირება ჩაუტარდება ახალ წესს, რომლის თანახმადაც თუ მეკარეს მოედანზე სამედიცინო დახმარება დაჭირდება, მისი რომელიმე თანაგუნდელი ერთი წუთით დატოვებს მოედანს. კერძოდ რომელი მოთამაშე დატოვებს მოედანს ეს 10 წამში უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანაგუნდელებს ერთი წუთით კაპიტანი გამოაკლდება.
თუ წესი გაამართლებს (ექსპერიმენტი ჩატარდება პრემიერლიგაში, საფეხბურთო ლიგის ყველა ქვედა დივიზიონსა და ქალთა ლიგაში), მაშინ მას წესების საერთაშორისო საბჭო IFAB საყოველთაოდ დაამტკიცებს. პირველი შეხვედრა ახალი წესის გამოყენებით გაიმართება შაბათს, როდესაც „კარაბაოს თასზე“ „ტრანმერი“ „როჩდეილს“ შეხვდება.

გასულ სეზონში, ნოემბერში „ლიდსის“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში დაშავდა მანჩესტერელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რის შემდეგაც „ლიდსის“ გერმანელმა მწვრთნელმა დანიელ ფარკემ ინტერვიუში თქვა: „თუ ჩვენ ფეხბურთელებს ფეარ ფლეის პრინციპებით არ აღვზრდით და ეშმაკობას, სიმულაციას ვასწავლით, ფეხბურთი იმ გზით წავა, რომელიც პირადად მე არ მომწონს. სამწუხაროა, რომ რაც დღეს მოხდა წესების დარღვევა არ იყო და ხმას ვერ ვიღებ“.
„ბოლტონის“ თავკაცმა სტივენ შუმახერმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში გულწრფელად აღიარა: „მე ვერ დავიჩივლებ, რადგან ამ ხრიკს თავად ვიყენებდი. ეს ტაქტიკური ხერხია, რომელიც მეტოქეს უპირატესობას უკლავს. თუ მას დროულად მიმართავ თამაშის მიმდინარეობას შეცვლი და შესაძლოა მერე უპირატესობაც მოიპოვო. ჩემპიონთა ლიგაში ამ მეთოდს ძალიან ხშირად მიმართავენ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მეკარეები სიმულაციას მარტო ინგლისში მიმართავენ“.
„პლიმუთის“ მწვრთნელი ტომ კლივერლი: „მე აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ამიტომ თუ არსებობს ხერხი, რომელიც შედეგს მოგვიტანს, მე მას გამოვიყენებ. მეორე მხრივ, თუ მკითხავთ უნდა წაგვართვან თუ არა ხსენებული ხრიკი მწვრთნელებს, გიპასუხებთ: დიახ, ჯობია, რომ წაგვართვან“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
