სექტემბრიდან, ბოლო 14 წელიწადში პირველად, საფრანგეთის ნაკრებს დიდიე დეშამი არ გაწვრთნის. მას ახალი თავკაცი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს. ოფიციალურად ეს 28 ივლისს გამოაცხადეს, მაგრამ დეშამი რომ წავიდოდა და მის ნაცვლად თანამდებობას ზიდანი დაიკავებდა, ყველამ დიდი ხანია იცოდა.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში გაიმართა, როდესაც დეშამმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობას დატოვებდა. პარიზში გამართულ წარდგენაზე ზიდანმა გულწრფელად თქვა, რომ „ლურჯების“ მწვრთნელობა სურდა და ამისათვის ემზადებოდა.
„ბოლო ოთხ თუ ხუთ წელიწადში რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. საფრანგეთის ნაკრები ერთადერთი გუნდი იყო, სადაც მუშაობა მინდოდა“, – არ დამალა ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა.
ვრცელი პრეს-კონფერენციის ლაიტმოტივი ზიდანის ენთუზიაზმი იყო. სხვა მხრივ, მედია აღნიშნავს, რომ მისი პასუხებიდან მაინცდამაინც ვერ გაიგებდი, როგორ აპირებს „ლურჯების“ გაძღოლას. ერთი შეხედვით ისეთი მარტივი კითხვაც კი, როგორიცაა კვლავ კილიან მბაპე იქნება თუ არა გუნდის კაპიტანი, უპასუხოდ დარჩა:

„ახლა მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი დასვენებაა. ჩვენ ამაზე სალაპარაკოდ სექტემბერში გვექნება დრო“, – თქვა ზიდანმა.
1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ორი გოლის ავტორს ჰკითხეს, როგორ სათამაშო სტილს მიანიჭებს უპირატესობას, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო:
„ორი სიტყვით გამიჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ვაპირებ მოგებას. ჯერ ფეხბურთელებს უნდა შევხვდე, ჩემი გეგმა ავუხსნა, რის მერეც გამარჯვება უკვე მათზე იქნება დამოკიდებული“.
ამასთან ზიდანს მაინც წამოცდა, რომ რაღაცებს სხვანაირად გააკეთებს.
„მე შევეცდები საქმეს ისე წარვუძღვე, როგორც მე მეხერხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს, რაც აქამდე იყო დავანგრევ“.
პრესა წერს, რომ ზიდანს და დეშამს – მასავით 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონს – ზოგი რამ საერთო აქვთ. უპირველეს ყოვლისა ორივე პრაგმატიკოსია, თუმცა შეტევაში ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებას ანიჭებენ.
„ფეხბურთელობის დროს 10 ნომერი ვიყავი, – თქვა ზიდანმა, როდესაც ჰკითხეს დაუტოვებს თუ არა გამთამაშებლის ფუნქციას მაიკლ ოლისეს – მის ფეხბურთში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გოლების გატანა ეხერხება“.
საფრანგეთის ნაკრებმა ჩრდილო ამერიკაში გამართულ მუნდიალზე 20 გოლი გაიტანა. ამბობენ, რომ დეშამმა ზიდანს გაცილებით უკეთესო მემკვიდრეობა დაუტოვა, ვიდრე 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ მას დახვდა წინამორბედისგან, თუმცა არის ხალხი რომელიც შიშობს, რომ კაცი, რომელსაც ხუთი წელიწადია არ უმუშავია ამ უპირატესობას ხელიდან გაუშვებს.
ზიდანი: „ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის სიახლეა, მაგრამ არ მეშინია. ეს სწორედ ის არის, რაც მინდოდა“.
უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელებს და ფანებს ზიდანის დანიშვნა მეტწილად გაუხარდათ. მბაპემ, მაგალითად დაწერა: „კეთილი იყოს შინ დაბრუნება“.
ზიდანის თანაგუნდელი ბიქსენტე ლიზარაზუ: „დღეს ფრანგული ფეხბურთისთვის დიდი დღეა. გაიხსენეთ, რა შედეგს მიაღწია მან „რეალში“ სადაც ვეებერთელა ეგოს მქონე დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ესე იგი ის საფრანგეთის ნაკრების გასაძღოლად მზად არის კი არა, მეტიცაა“.
ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ზიდანი როგორც ვარსკვლავი თავის ფეხბურთელებს ჩრდილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფაქტორმა მბაპეს, დემბელეს, ოლისეს და სხვათა მოთოკვაში შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია