ნოლე სინერზე გავიდა

ნოლე სინერზე გავიდა

„უიმბლდონზე“, კაცთა და ქალთა შორის პირველი ნახევარფინალისტები ცნობილია. იტალიელმა იანიკ სინერმა სამ სეტში, მაგრამ ბრძოლაში მოუგო გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს – 7:5; 7:6; 6:3.

პირველ სეტის ბედი ბოლოსწინა გეიმმა გადაწყვიტა, როდესაც აპენინელმა ბრეიკი გაახერხა; მეორეში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი სეტის დასაწყისში გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სინერის ერთადერთი მინი-ბრეიკი აღმოჩნდა გადამწყვეტი; მესამეში ბოლომდე თანაფარდობა იყო და გერმანელმა ისევ ბოლოსწინა ჩაწოდება დათმო.

სინერის მეტოქე ნახევარფინალში ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. სერბმა მეოთედფინალში მძიმე ბრძოლა გადაიტანა კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან – 7:6; 3:6; 6:3; 6:7; 7:6. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი უშეცდომოდ აწვიდა. ეგ კი არა, ტაი-ბრეიკიც 12:10 დასრულდა; მეორეში კანადელმა ბოლოსკენ წაიღო სეტი; მესამეში კი ნოლემ სეტის შუაში აართვა მეტოქეს ჩაწოდება და საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანა; მეოთხეც ნოლეს უპირატესობით დაიწყო და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, მაგრამ ალიასიმი არ დანებდა, ანგარიში ჯერ გეიმებში გაათანაბრა, შემდეგ ტაი-ბრეიკზე მოიგო და თანაფარდობა უკვე სეტებში აღდგა; გადამწყვეტ სეტში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიაკმდე ისე მივიდნენ, შეცდომა არ დაუშვიათ. იქ კი, უფრო გამოცდილმა ჯოკოვიჩმა იმარჯვა.

8 ივლისს კიდევ ორი მეოთხედფინალია: ფრიცი-ზვერევი; კობოლი-ფერი.

ქალთა შორის ამერიკული დუელი შედგა – ჯესიკა პეგულა კოკო გაუფის წინააღმდეგ. ნახევარფინალის საგზური გაუფმა წაიღო – 4:6; 6:3; 6:3. პირველ სეტში პეგულამ ორი ბრეიკი გაახერხა და ერთი დათმო, რის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მიიღო. თუმცა, დარჩენილ დროში კოკო უკეთ თამაშობდა. მეორე სეტის ბედი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მესამეში კი გაუფმა სამჯერ დააბრეიკა თანამემამულე. გაუფის მეტოქე ნახევარფინალში ჩეხი კატერინა მუხოვა იქნება, ვინაც იაპონელი ნაომი ოსაკა ორ სეტში დასცა – 7:6; 6:4. პირველი სეტის საყისი ოთხი გეიმი ბრეიკების იყო, შემდეგ უკვე საკუთარ ჩადოდებებს იგებდნენ. ტაი-ბრეიკზე მუხოვამ იძალა. მეორეში კი ერთადერთი ბრეიკი ჩეხმა მეცხრე გეიმში გაახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

8 ივლისს ნახევარფინალში გასასვლელად ნოსკოვა-მერტენსი და კოსტიუკი-პაოლინი იბრძოლებენ.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.