ალექსის სანჩესი ოლე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის. მან შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს და იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს.

სხვა სიტყვებით, სულშერი „ოლდ ტრეფორდზე” რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფეხბურთელის ბედს და სამომავლო გეგმებს არავინ ჰკითხავდა. ინგლისური პრესა კი ამბობს, რომ ნორვეგიელის აზრით სანჩესისთვის სხვაგან გადასვლა სჯობს.

თუმცა, არის პრობლემაც — ჩილელ თავდამსხმელს მანჩესტერში ძალიან დიდი ხელფასი აქვს, წელიწადში 25 მილიონი გირვანქა და საეჭვოა მისთვის ასეთი ფულის გადახდა  ვინმეს მოუნდეს. შესაბამისად, ფეხბურთელის გაყიდვა რთული იქნება. ამიტომ, კლუბში მისი იჯარით გასხვისების ვარიანტზე ფიქრობენ.

ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში” „არსენალიდან” 2018 წლის იანვარში ოთხნახევარი წლით გადავიდა. ის ჰენრიკ მხითარიანში გაცვალეს, მაგრამ „ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე ახალ გუნდს ვერ შეეწყო და როგორც ხედავთ, სულშერი მის გაშვებაზე ალააპარაკდა.

დავუბრუნდეთ სანჩესის ხელფასის თემას. ჩილელის საბაზისო გასამრჯელო კვირაში 391 000 გირვანქაა, რომელსაც ხშირად ბონუსები ემატება და 500 000-მდე ადის.

30 წლის ვარსკვლავი კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში „საუთჰემპტონთან” მიღებული ტრავმის გამო ვერ მონაწილეობდა. ის „კამპ ნოუზე” დაინახეს, სადაც თავისი ყოფილი გუნდის „ბარსელონასა” და „რაიო ვალეკანოს” თამაშს დაესწრო (3:1).

ექიმები ამბობენ, რომ ჩილელს მკურნალობაში რვა კვირა გაუცდება, რაც ფაქტობრივად მისთვის სეზონის დასრულებას ნიშნავს.