სალას დაღუპვაში ბრალი მის აგენტს დასდეს

Home კატეგორიის გარეშე სალას დაღუპვაში ბრალი მის აგენტს დასდეს

ლა მანშის გრიგალში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას და ორკაციანი ტურისტული თვითმფრინავის პილოტის დეივ იბოტსონის ძებნა გრძელდება, თუმცა მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარავის აქვს.

დაჟინებულმა ძიებამ საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადასული 28 წლის მოთამაშისა და 59 წლის ავიატორის თვითმფრინავი სრუტეს ფსკერზე, 63 მეტრის სიღრმეზე იპოვეს ჩაძირული.

მყვინთავებმა წყალქვეშა კადრები გადაიღეს და როგორც ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა, საფრენ აპარატში სულ მცირე ერთი ადამიანის სხეულია ჩარჩენილი.

ამასობაში, América Noticias წერს, რომ სალას მეგობარმა ფეხბურთელის დაღუპვაში ბრალი მის აგენტს, ვილი მაკკის დასდო.

მეგობარმა, რომელსაც მაქსიმილიანო დუარტე ჰქვია თქვა, რომ არგენტინელს ამ თვითმფრინავში ჩაჯდომა სწორედ მაკკიმ აიძულა.

„ემილიანო ასეთ თვითმფრინავში არასდროს ჩაჯდებოდა. მას აიძულეს”, — თქვა მეგობარმა.

ხოლო ფეხბურთელის დამ რომინამ ფეისბუქზე გულისამაჩუყებელი ფოტო დაპოსტა: ემილიანოს ძაღლი მისი დაკარგვის მერე თურმე კართან ზის და პატრონის დაბრუნებას ელოდება.

 

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.