უარი საოცარ ხელფასზე

Home აქეთურ-იქითური უარი საოცარ ხელფასზე

მაურისიო პოჩეტინიომ „რეალს” კიდევ ერთხელ შეუთვალა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთგულად რჩება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებას არ აპირებს. ამის წაკითხვაზე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 46 წლის არგენტინელის პოზიცია ახალი არ არის და მისი გამეორება სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ მართალი არ იქნება — ამჯერად სიახლე ის თანხაა, რომელიც მადრიდელებმა „დეზების” თავკაცს შესთავაზეს. საუბარი ასტრონომიულ გასამრჯელოზე, წელიწადში 17 მილიონ ევროზეა.

რატომ თქვა პოჩეტინიომ უარი? ბრიტანული მედიის აზრით უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ „რეალში” დიდი არეულობა და გაუგებრობაა. თანხმობის შემთხვევაში პოჩეტინიოს წმინდა საფეხბურთო, შემოქმედებითი მუშაობის გარდა აბურდული ურთიერთობების დალაგება მოუხდებოდა, რაც კაცმა არ იცის ამ ეტაპზე რამდენად შესაძლებელია, მითუფრო უცხო კაცისგან.

მოგეხსენებათ, დღეს, „უემბლიზე” „ტოტენჰემი” „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რომელიც ლონდონელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ და ასეთ დღეს პოჩეტინიოს პოზიციის კიდევ ერთხელ გასაჯაროება ქომაგებისთვის დიდი წახალისება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ მაურისიო პოჩეტინიომ „სფურზთან” სულ ახლახან მოაწერა ახალ ხუთწლიან კონტრაქტს ხელი და ფავორიტ ფეხბურთელებს, დელე ალისა და ჰარი კეინსაც გააფორმებინა ახალი ხელშეკრულებები.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...