ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა

ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა

„ლივერპულმა“ კვირას შინ მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „არსენალთან“ – 0:1. ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე კაი ჰავერცმა გაიტანა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კარში სწორად დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხეს. მათი დარტყმებიდან ყველაზე ეფექტური ფლორიან ვირტცისა იყო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

მარცხის გამო ანდონი ირაოლას გუნდი პრემიერლიგის ცხრილის ოთხეულში ვერ დაბრუნდა. აქამდე მერსისაიდელებს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდათ მოგებული.

„ლივერპულის“ კარს, რასაკვირველია, ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეკარედ შერაცხული ალისონ ბეკერი იცავდა, რომლის ჩრდილში მოხვედრილი გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე ზის, მაგრამ ბრაზილიელმა ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. მეტიც, „წითლების“ კარში გოლი იმიტომ გავიდა, რომ აისონმა თავისი საჯარიმოს წინ უხეირო პასი შეასრულა და ბურთი მეტოქეს „აჩუქა“.

liverpoolecho-მ ალისონს 5 ქულა დაუწერა და მისი თამაში სიტყვიერად ასე აღწერა: „პირველ ტაიმში ერთი კარგი დარტყმის მოგერიება შეძლო, მაგრამ დაცვიდან ბურთის გამოტანის დროს პასი სწორად ვერ შეასრულა და ამას „არსენალის“ გოლი მოჰყვა. შესვენების შემდეგ მან ხრისტოს ცოლისის დარტყმულიც კარგად მოიგერია“.

thisisanfield-მა, რომელიც მამარდაშვილის მიმართ მეტწილად კრიტიკულად არის განწყობილი ალისონი 5 ქულისთვის ვერ გაიმეტა და 6 დაუწერა.

„ბურთის გამოტანის დროს ცუდი პასი შეასრულა და ამას გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ცოლისის დარტყმულს ტოპ-მოგერიებით გაუმკლავდა – ამ ეპიზოდში აღსანიშნავია, რომ მან ბურთი ცოტა გვიან დაინახა და თან მარცხნივ დაბლა მოუხდა რეაგირება. ამით მან ნაწილობრივ ადრე დაშვებული შეცდომის კომპენსაცია მოახდინა“.

ლეგენდარულ მეკარეს 6 ქულა დაუწერა „ლივერპულის“ ოფიციალურმა საიტმაც: „გოლი ბურთის გამოტანის დროს მის ცუდ პასს მოჰყვა. ამის მერე მას ბევრი საქმე არც ჰქონია, მაგრამ ეს გადამწყვეტი მომენტი გამოდგა. შესვენების შემდეგ ცოლისის დარტყმა შესანიშნავად მოიგერია და ანგარიში 0:1 შეინარჩუნა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.