რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?

რატომ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა ლანსში?

„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ 0:1 წააგო. შეხვედრა ლანსში, „სტად ბოლარ ლელელისზე“ გაიმართა. მატჩის ჩატარების ადგილი წილისყრამ გადაწყვიტა. პარიზელთა მაროკოელმა ვარსკვლავმა აშრაფ ჰაკიმიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში რამდენჯერმე ითხოვა, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება თავის მართლებად არ ჩამოართვან, მაგრამ ახსნა-განმარტება ნამდვილად არის.

„ყველაფერი გავაკეთეთ რომ გაგვემარჯვა, შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ლანსში პარიზელი გულშემატკივრის გარეშე თამაში ნეიტრალური მოედანი აღარ გამოდის. ორივე გუნდი ერთსა და იმავე პირობებში უნდა ყოფილიყო. თუმცა, რასაც ახლა ვამბობ თავის მართლება არ გეგონოთ.  ვიმეორებ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, უბრალოდ, გოლი ვერ შევაგდეთ“.

შემდეგ ჰაკიმიმ თავის ნათქვამს დაამატა: „ჩვენ ნეიტრალურ სტადიონებზე ბევრი ფინალი გვითამაშია. ამ შეხვედრებში ტრიბუნების ნახევარი ყოველთვის პარიზელი გულშემატკივრით იყო სავსე. დღევანდელი მატჩი კი ლიგა 1-ისას ჰგავდა, სტუმრად ვიყავით. თუ ჩვენი ლიგის განვითარება გვსურს ასეთი რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ. ჩვენ ჩვენი მხრივ მუშაობას განვაგრძობთ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ 2013 წლის შემდეგ საფრანგეთის სუპერთასი მხოლოდ ერთხელ, 2021 წელს ვერ მოიგო.

რატომ არ იყვნენ ლანსში პარიზელი გულშემატკივრები? „კოლექტიურმა ულტრასებმა“ ბოიკოტო გამოაცხადეს. შესაბამისად,  „ბოლარ ლელელისზე“ მხოლოდ „ლანსის“ ფანები ხმაურობდნენ.

რას გამოუცხადეს „კოლექტიურმა ულტრასებმა“ ბოიკოტი? თავიდან იყო მოსაზრება, რომ საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა საზღვარგარეთ ჩატარებულიყო, მაგრამ მერე გადათქვეს და გამართეს წილისყრა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თამაში ლანსში უნდა გამართულიყო. პარზელმა ფანებმა ამას სულელური ნაბიჯი უწოდეს.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს, მას მერე, რაც ტაილანდმა საფრანგეთის სუპერთასის მასპინძლობაზე უარი თქვა, შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა: პსჟ-მ „ტულუზს“ 2:0 მოუგო. ასე რომ, პარიზელებს შინ თამაშის უპირატესობით თავადაც უსარგებლიათ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.