მსოფლიო პარაგვაელთა შავი ხელოვნების წინააღმდეგ

მსოფლიო პარაგვაელთა შავი ხელოვნების წინააღმდეგ

საფრანგეთი vs პარაგვაი ― ეს იყო თამაში, რომელმაც მთელს მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მერვედფინალში ფრანგების მძიმე გამარჯვების (1:0) შემდეგ, ყველა ქვეყნის მიმომხილველები შეთანხმდნენ, რომ ის, რაც პარაგვაელებმა მოედანზე წარმოგვიდგინეს იყო „ანტი-ფეხბურთი“, ხოლო მათი საქციელი – სკანდალური. სამხრეთ ამერიკელები „მამლების“ მწყობრიდან გამოყვანას მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ისინი მახეში არ გაებნენ. კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა უზბეკი მსაჯი ილგიზ ტანტაშევიც, რომელიც ვითარებაში საერთოდ ვერ გაერკვა.

ინგლისში პარაგვაელთა „სამარცხვინო შავი ხელოვნება“ BBC-მ დაგმო. ბრიტანულმა მედიამ აღნიშნა, რომ ეს გუნდი ფიზიკური ძალით, აგრესიითა და მკაცრი თავდაცვით ცდილობდა მეტოქის რიტმის დარღვევას. The Guardian-მა კი სამხრეთამერიკელებს ჩხუბის მაძიებლები უწოდა, რომელთაც საბოლოოდ თავად განიცადეს იმედგაცრუება.

„ალბირეხა“ არც ესპანურმა მედიამ დაინდო. პირენეის ნახევარკუნძულზე შეხვედრის მსაჯიც გვარიანად გააკრიტიკეს. AS-მა პარაგვაის ნაკრები ბირთვულ ბუნკერში გამოკეტილ ადამიანებს შეადარა და დაწერა, რომ ამ გუნდის ერთადერთი მიზანი დროის გაყვანა იყო. გამოცემა თავს დაესხა უზბეკ მსაჯსაც, რომელმაც „ტოლერანტობა და უმოქმედობა ერთმანეთში აურია“. მადრიდულ გაზეთის აზრით „ამ კაცს მსოფლიოს ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება“.

Mundo Deportivo კი ხაზს უსვამს „პარაგვაის ეშმაკურ, მზაკვრულ ტაქტიკასა“ და „მსაჯის ლმობიერებას“.

„ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ეს იყო ბატონი ტანტაშევის ბოლო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე“, — დასძენს Marca.

„ის, რაც პარაგვაიმ გააკეთა, მეტოქის სპორტულად დამარცხების მცდელობა კი არა, მისი განადგურების სურვილი იყო“, — დაწერა RTS-მა, რომელიც გაკვირვებულია იმით, რომ მატჩში ყველა ყვითელი ბარათი ფრანგებმა მიიღეს.

რაც შეეხება ექსპერტ პაბლო იგლესიასს, მან მსაჯის შერჩევის გამო ფიფას წინააღმდეგ გაილაშქრა: „მათ ჩვენი სპორტი შეურაცხყვეს“, — დაწერა აღშფოთებულმა.

„ვერაგული დარტყმები ფრანგი სუპერვარსკვლავების წინააღმდეგ“, — ასეთი სათაურით გამოვიდა გერმანული გამოცემა Bild, რომელიც აზუსტებს, რომ „სამხრეთამერიკელებმა ყველა ღონეს, მათ შორის ყველაზე უხეშ მეთოდსაც კი მიმართეს“. „მუშტით დარტყმა“, „იდაყვის ჩარტყმა“ — გერმანული ყოველდღიური გაზეთი „ალბირეხას“ აგრესიულ ხერხებს აკონკრეტებს და უკვირს, რომ მსაჯს წითელი ბარათი არ ამოუღია.

პორტუგალიური A Bola  წერს აგრესიულ ფეხბურთზე, რომელიც მუდმივად უხეშობის ზღვარზე იყო და თანდათანობით უბნის ფეხბურთში გადაიზარდა. გაზეთი აღნიშნავს პარაგვაის ნაკრებში „ტალანტის ნაკლებობას“ და მკაცრად გმობს „უბნის ხულიგნების“ მხრიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელების „დაშინების მცდელობებს“.

ბრაზილიაში, გამოცემა Lance ამბობს, რომ მატჩს „კოპა ლიბერტადორესის ელფერი ჰქონდა“ და აღნიშნავს, რომ მბაპე „მრავალრიცხოვანი თავდასხმების სამიზნე იყო“.

„ტანტაშევი…სიამოვნებით ვიხილავდი მას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მსაჯად“, — ირონიულად აღნიშნა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ, რომელიც CNN-სა და Al Jazeera-თან თანამშრომლობს.

„ეს იყო წარმოუდგენელი მსაჯობა. არბიტრმა ინტერესი საერთოდ არ გამოიჩინა ფეხბურთის, თამაშის წესებისა და მოთამაშეების დაცვის მიმართ“, — წუხილი გამოთქვა კოლინ მილარმა The Athletic-დან და დასძინა, რომ „საფრანგეთს გაუმართლა, რომ სერიოზული ტრავმები აირიდა თავიდან“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.