სწორად შენიშნავს BBC: ერლინგ ჰოლანდს მოედანზე უპირველეს ყოვლისა გარეგნობით და ვარცხნილობით შეამჩნევ, მერე კი იწყება თამაში, რომლის დროსაც ის ქარიშხალივით იჭრება თავისუფალ სივრცეებში, ხოლო მცველები ქაოსურად ცდილობენ მის შეჩერებას. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მერვედფინალში ბრაზილიასთან ეს ისე არ იგრძნობოდა როგორც სხვა მატჩებში, მაგრამ მან მაინც გაიტანა ორი გოლი. ნორვეგიამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
25 წლის თავდამსხმელი ბრაზილიელების საჯარიმოში მთლი მატჩის განმავლობაში სულ ოთხჯერ შეეხო ბურთს, მაგრამ მეტი არც ყოფილა საჭირო: 79-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
ჰოლანდის მეორე გოლი 11 წუთის შემდეგ საჯარიმოს გარედან დაბალი დარტყმით გავიდა. ეს იყო მიმდინარე მუნდიალზე მისი მეშვიდე შედეგიანი დარტყმა ანუ ნორვეგიელი „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ფრანგ კილიან მბაპესა და არგენტინელ ლეო მესის გაუტოლდა.
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი მთელ თამაშში მხოლოდ 30-ჯერ მიეკარა ბურთს და 13 გადაცემა შეასრულა. მისი მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელიც (xG= 0.39) მიუთითებს, რომ ის მეტწილად ჩრდილში იყო, მაგრამ ხომ ნახეთ ვინ გახდა მატჩის გმირი?

„მეორე გოლის ეპიზოდში კარში მის გარდა არავინ დაარტყამდა. მომენტიც კი არ იყო. იმას ნახევარმომენტს ან მეოთხედმომენტსა კი ვერ ვუწოდებთ – თქვა შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პეტ ნევინმა BBC Radio 5 Live-ის ეთერში.
ინგლისის ნაკრების ვეტერანი იან რაიტი: „ხალხი სულ იმაზე ლაპარაკობს, რომ ჰოლანდი თამაშის მსვლელობისას ბურთს ხშირად არ ეხება, მაგრამ მას ბევრი შეხება არც სჭირდებოდა“.
ნორვეგიის ნაკრები, რომელსაც სტალე სოლბაკენი წვრთნის, მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველადაა, მაგრამ ტიტულს სამი მოგება აშორებს. შემდეგ ეტაპზე ნორვეგიელები ინგლისს შეხვდებიან, რომელმაც დრამატულ მერვედფინალში ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკა დაამარცხა 3:2.
„ჰოლანდმა მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ ამ მუნდიალზე მის გუნდს კიდევ უფრო შორს შეუძლია წასვლა“, – თქვა უეინ რუნიმ BBC-ის ეთერში.
ჰოლანდს ეროვნულ გუნდში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. ეს სტატისტიკა მოიცავს მოლდოვის კარში გატანილ 5 გოლს და კიდევ ხუთ ჰეთ-თრიკს.
გარი ნევილი: „ჰოლანდი მასშტაბური ფიგურაა, აქამდე ამბობდნენ, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ახლა ეს კითხვის ნიშანიც მოხსნილია“.
25 წლის ფორვარდმა მიმდინარე მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი გოლი გაუტანა ერაყსა და სენეგალს, რის შემდეგაც საფრანგეთთან დაასვენეს. ამან, როგორც ჩანს, გაამართლა, რადგან „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა მეთექვსმეტედფინალში კოტ დ’ივუარს შეუგდო, მერვედფინალში კი მონაგარს ორი გოლიც დაამატა.
ჰოლანდმა ეროვნულ ნაკრებში 54 მატჩში 62 გოლი გაიტანა – ყოველ 71 წუთში თითო. ამ გოლებიდან მხოლოდ ექვსი იყო პენალტი.
„სიტის“ თავდამსხმელს ნორვეგიის ნაკრების ბოლო 14 ოფიციალური მატჩიდან გოლის გარეშე ერთიც არ დაუსრულებია. ამ სერიალის განმავლობაში 27-ჯერ შეაგდო.
ჰოლანდმა ბოლოს მოედანი გოლის გარეშე 2024 წლის ოქტომბერში დატოვა, როდესაც ერთა ლიგაზე ავსტრიას შეხვდა. ვიმეორებთ, ოფოციალურ შეხვედრებზეა ლაპარაკი.
ბრაზილიასთან მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ათასობით ნორვეგიელი გულშემატკივარი შეიკრიბა. ბევრი მათგანი ვიკინგის მუზარადით და გიგანტური წითელი დროშით იყო შეიარაღებული. ისინი გუგუნებდნენ სიმღერებს, რომლებიც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველამ გაიცნო.

ეს ნორვეგიელთა მეოთხე გამოსვლაა მსოფლიო ჩემპიონატზე; პირველი 1998 წლის შემდეგ. აქამდე მათი საუკეთესო შედეგი გახლდათ მერვედფინალი – 1938 და 1998 წლებში. მათ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩი არასოდეს მოეგოთ, ახლა კი ზედიზედ ორი ეტაპი აქვთ გავლილი – ბოლო ხუთგზის ჩემპიონისა და ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის წინააღმდეგ.
„ბიჭებს ვუთხარი, რომ შანსები 50-50-ზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც შეგვეძლო. ამისთვის ჩვენი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და მოედანზე გვყოლოდა ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებდა. საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი ფეხბურთელი გვყავდა“, – თქვა ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სოლბაკენმა.
საფინალო სასტვენის შემდეგ სწორედ ჰოლანდი გაუძღვა ზეიმს – მან და მისმა თანაგუნდელებმა გულშემატკივრებთან ერთად ვიკინგების ტრადიციული „ნიჩბოსნობა“ (Viking Row) შეასრულეს.
„გიჟური დღეა, – თქვა მატჩის შემდეგ ჰოლანდმა, – ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე ნორვეგიის ისტორიაში“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/07/2026 | 13:41მსოფლიო პარაგვაელთა შავი ხელოვნების წინააღმდეგ
მთავარი ამბავი06/07/2026 | 12:18ინგლისელებო, ფრთხილად, წინ ჰოლანდია!
სიახლეები05/07/2026 | 10:58მბაპე: მათ ეგონათ, რომ ჩვენ მოედანზე სმოკინგებით გავიდოდით
მთავარი ამბავი05/07/2026 | 09:42დიდიე დეშამი: ეს იყო ნამდვილი ტანჯვა
