7 ივლისს, საღამოს 20:30-ზე თბილისის „ავჭალაზე“ დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს იქნება საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა.
საქართველოს და ურუგვაის დღევანდელი ახალგაზრდული რაგბი დონეებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ურუგვაელები 2009 წლის დებიუტის შემდეგ, აღნიშნულ ტურნირში მეორედ მონაწილეობენ, ქართველები კი 2016 წლის შემდეგ 20-წლამდელთა ელიტის განუყოფელი წევრები არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჯგუფის სასტარტო მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დრამატულ ბრძოლაში მარცხი განიცადეს – უელსელებთან 24:25 წააგეს, ურუგვაიმ კი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან საკუთარ ისტორიაში ყველაზე მტკივნეული მარცხი იგემა – 7:104. მეორე ტურში სამხრეთამერიკელებს უელსიც მარტივად გაუსწორდა – 47:0. ვიტო კოლელიშვილის ბიჭებმა კი აფრიკელებს ტოლ-სწორი ბრძოლა მხოლოდ მატჩის საწყის ნაწილში გაუმართეს და 5:33 დამარცხდნენ.

ყოველივედან გამომდინარე, საქართველო ურუგვაისთან თამაშში გამოკვეთილი ფავორიტია და იმედია, ამ ნომინალურ სტატუსს 5 ქულადაც აქცევს. ამ გუნდების პირისპირ შეხვედრების ისტორია მწირია, რადგან ძირითადად განსხვავებულ დონეებზე ასპარეზობენ. ის 3 თამაშიც მაშინ შედგა, როცა უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაისთან ერთად ალაფაში თამაშობდა. პირველი შეხვედრა ურუგვაიმ 2008-ში მოიგო და ზედა დონეზეც ავიდა, მომდევნო ორ შემთხვევაში კი ქართველებმა იმარჯვეს, ბოლოს – 2015-ში, როცა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლოჯერ ითამაშა ალაფისთვის. მას მერე მათი გზები არ გადაკვეთილა.
ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი მიზანიღა დარჩა – მე-9 ადგილისთვის პლეი-ოფზე გადართვა, რაც ურუგვაისთან არწაგების შემთხვევაში გარდაუვალია. ურუგვაელებს კი, უდიდესი ალბათობით, ტურნირში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა,
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ურუგვაისთან მატჩში
ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, გაბრიელ რაზმაძე, ანდრია ბილანიშვილი, ირაკლი ყოლბაია, ლუკა ნარსია (კაპიტანი), მიხეილ შიოშვილი, თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, საბა ნატროშვილი, დავით ბარბაქაძე, დათა ახვლედიანი, ლუკა ტაბატაძე, ნიკოლოზ ხალვაში.
მარქაფა: გიორგი აღნიაშვილი, გიორგი ტურაშვილი, საბა ნოზაძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, გიორგი ხონელიძე, დემეტრე დევდარიანი, დავით არობელიძე.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/07/2026 | 22:34ურუგვაისთან მოგების მოლოდინით
აქეთურ-იქითური05/07/2026 | 16:12ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 14:21მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…
სიახლეები28/06/2026 | 17:4725-ე ტულუზური
