საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი მატჩი მოიგო – მონტევიდეოში მასპინძელ ურუგვაის 41:34 სძლია და ბონუსის ჩათვლით, სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა.
ეს იყო ბორჯღალოსნების დებიუტი ახალ ტურნირში, ნაკრების სათავეში სადებიუტო მატჩი ფრანგმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა ჩაატარა, ხოლო „შავი ლომის“ გარემარბმა რომა მახათაძემ პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
სიახლე კიდევ ის იყო, რომ დავით ნინიაშვილმა ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშა შუამარბის პოზიციაზე, თანაც – კაპიტნის რანგში.

და როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველებმა სამხრეთამერიკელებს ფიზიკურად აშკარად აჯობეს, თუმცა მეტოქის სწრაფ და სხარტ ბექებს ხშირად ვერ უმკლავდებოდნენ. ამით აიხსნება ურუგვაელთა 4 ლელო.
ქართველებმა კი 5 გაიტანეს. პირველ ტაიმში თავი ლუკა მატკავამ და ნიკოლოზ სუთიძემ გამოიჩინეს. მატკავამ გარდა იმისა, რომ ორივე ლელო გარდასახა – საკუთარიც და ნიკასიც, ზედაც 2 ზუსტი საჯარიმო გასროლაც დაამატა და შესვენებაზე ბორჯღალოსნები ლიდერთ რანგში გავიდნენ – 20:15.
ტაიმის ბოლოს რეფერიმ კაპიტანი ნინიაშვილი გაგვისინბინა, ამიტომაც მეორე ნახევარი საქართველომ კაცნაკლულმა დაიწყო.
ურუგვაელებმა ამით კი ისარგებლეს და ცოტა ხნით წინაც გავიდნენ – 22:20, მაგრამ „ნინის“ სინბინის მიწურულს ყვითელი ბარათი ურუგვაის კვაჭმაც „აიკიდა“, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ სულ მალე კაპიტნის დაბრუნება მორიგი ლელოთი აღნიშნა. ეს იყო თორნიკეს მე-12 ლელო 50-ე სანაკრებო მატჩში. მატკავამ, ცხადია, გარდასახა და გუნდი 27:22 დააწინაურა.

რამდენიმე წუთში ურუგვაელებმა ქართული მოლი წესების დარღვევით ჩააქციეს და რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა და დამნაშავე ურუგვაელი მესამეხაზელი მინდვრიდან მიაბრძანა – 34:22.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, მასპინძლებმა ერთი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს – 34:29, მაგრამ თამაშის მიწურულს, ნაკრების დებიუტანტმა რომა მახათაძემ ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა და შეცვლაზე შემოსულ 9 ნომერ მიშიკო ალანიას მე-5 გუნდური ლელო დაადებინა. ეს იყო ალანიას მე-5 სანაკრებო ლელო, ხოლო მატკავამ, რომელმაც ეს ლელოც წარმატებით გარდასახა, თამაში 19 ქულით დაასრულა, თანაც პირველ ტაიმში გატანილი ლელო მისთვის მე-8 იყო, სულ კი მის ანგარიშზე 38 კეპი და 276 ქულაა.
მართალია, ჯიუტმა ურუგვაელებმა ბრძოლა ბოლომდე არ შეწყვიტეს და 2 ბონუსის მომტანი ერთი ლელო კიდევ გაიტანეს, მაგრამ საქართველომ 5-ქულიანი გამარჯვება მაინც იზეიმა – 41:34.
11 ივლისს ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს ჩილეში სამოას წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც სასტარტო შეხვედრაში ჰონკონგი გაანადგურა – 66:19.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/07/2026 | 16:12ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 14:21მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…
სიახლეები28/06/2026 | 17:4725-ე ტულუზური
კატეგორიის გარეშე28/06/2026 | 00:06ორი ბონუსი უელსთან
