იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია

იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია

შეტევითა და ფანტაზიით სავსე საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში შვედეთს 3:0 მოუგო (მბაპე 45,74; ბარკოლა 53) და შემდეგ ეტაპზე პარაგვაის უნდა შეხვდეს. „ალბიროხამ“ წინა დღეს გერმანიას მოუგო პენალტებით (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა). beIN Sport-მა მომავალი მეტოქის შესახებ ფრანგების თავკაცს დიდიე დეშამს ჰკითხა.

„მათი თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ პარაგვაი მერვედფინალში შემთხვევით არ გასულა. გერმანია, რომელიც მათ გააგდეს, ძლიერი გუნდია. პარაგვაელებს აქვთ სამხრეთამერიკული დნმ. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, უშეღავათოდ შემოდიან ორთაბრძოლაში და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ. მერვედფინალში შემთხვევით არავინ გადის. ჩვენ დარჩენილი დღეები უნდა გამოვიყენოთ. პარაგვაისა და გერმანიის თამაშის მეტი წილი ნანახი მაქვს, მაგრამ მას უფრო დეტალურად შევისწავლით. ახლა ორი დღე გვაქვს შვედეთთან გამარჯვება რომ შევირგოთ, მერე კი თემას შევცვლით“.

როგორი შთაბეჭდილება დატოვა საფრანგეთისა და შვედეთის შეხვედრამ შვედ ვეტერანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩზე? მან Fox Sports გაუზიარა შეხედულება:

„რაც შეხვედრის წინ ვთქვი ის უნდა გავიმეორო ახლაც: საფრანგეთის ნაკრებს ნაკლი ვერ აღმოვუჩინე. თამაშის მოგება მის ნებისმიერ შემტევ მოთამაშეს შეუძლია. მათ დღეს ძალიან ძლიერად ითამაშეს. ოლისემ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ის რომ ხედავს თამაშს ისე დემბელე და მბაპე ვერ ხედავენ. ის ხედავს შესაძლებლობებს, რომელთაც ეს ორი ვერ ამჩნევს, თუმც მათ სხვა ძლიერი თვისებები აქვთ. ვნახოთ სადამდე შეძლებს საფრანგეთი მისვლას, მაგრამ ის შემაშინებელია. დღეს მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელიდან სამი მათ ჰყავთ: დემბელე, ოლისე და მბაპე. დანარჩენი ორი ჰოლანდი და იამალი არიან. მესი? მესი სხვა კლასისაა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.