ალჟირმა პროტესტი შეიტანა

ალჟირმა პროტესტი შეიტანა

ალჟირმა მსოფლიოს ჩემპიონატის J ჯგუფის შეხვედრაში არგენტინასთან 0:3 წააგო (სამი გოლი ლეო მესიმ გაიტანა), მაგრამ მიაჩნია, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას შესაბამის კომიტეტში პროტესტი შეიტანა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ პოლონელი სიმონ მარჩინიაკი.

ალჟირელების აზრით მსაჯმა უპირველეს ყოვლისა 32-ე წუთზე მიიღო ალჟირელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როდესაც აისა მანდის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლეო მესი არ დასაჯა. ეს ეპიზოდი ალჟირში, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა განხილვის და მღელვარების საგანია.

მესის გაფრთხილება და მითუმეტეს გაძევება ვერ გაუბედეს (ალჟირელთა რწმენით არგენტინელი ულაპარაკოდ გასაგდები იყო), რის გამოც მეორე დღესვე დაიწერა შესაბამისი პროტესტი.

ალჟირელთა აზრით კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც არბიტრი უნდა ჩარეულიყო და არ ჩაერია გახლდათ ალექსის მაკალისტერის მიერ იბრაჰიმ მაზასთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის ეპიზოდი. ეს 74-ე წუთზე მოხდა.

კიდევ ერთი დარღვევა, ანის ჰაჯი მუსას წინააღმდეგ იყო.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ არგენტინის გუნდი ძლიერი არ იყო, მაგრამ უსამართლობას ვერ წავუყრუებთ. შეხვედრაში იყო სამი აშკარა ინციდენტი, რომელთაც VAR-მა ყურადღება არ მიაქცია. არ ველით, რომ ვინმე თამაშის შედეგს შეცვლის, მაგრამ ვიცით, რომ მსაჯთა კომიტეტი ყველა შეხვედრას განიხილავს და ადექვატურ გადაწყვეტილებებს იღებს“ – ასეთი იყო პოზიცია, რომელიც სააგენტო „რეიტერს“ ალჟირის ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავშირებულმა წყარომ გააცნო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.