პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი

პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი

პარაგვაელი მიგელ ალმირონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქესთან პირზე ხელაფარებული ლაპარაკის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს მოხდა სან ფრანცისკოში პარაგვაისა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრის (1:0) დროს, რომლის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა, ხოლო პარაგვაიმ ფლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ავსტრალია უნდა დაამარცხოს.

32 წლის ალმირონმა პირველ ტაიმში პირზე ხელი აიფარა და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს მერთ მულდურს ისე გამოელაპარაკა. მულდურმა ეს რომ დაინახა დაუყოვნებლივ შეატყობინა მსაჯს მომხდარის შესახებ.

ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ეკვადორელმა მსაჯმა ივან ბარტონმა გამოაცხადა, რომ „ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს მოედნიდან აძევებს. ეს მოხდა შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო პარაგვაელთა სასარგებლოდ.

ალმირონის გაძევების შემდეგ პარაგვაელები, რომელთაც გოლი შეხვედრის მე-2 წუთზევე გაიტანეს, დაცვაში ჩადგნენ და უპირატესობა შეინარჩუნეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი წესი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ამოქმედდა. გადაწყვეტილება წესების მომგონებელ-დამამტკიცებელმა საბჭომ (IFAB) აპრილში  ვანკუვერში მიიღო. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ახალ წესს მიესალმება. მას იმედი აქვს, რომ მისი წყალობით ფეხბურთელები ერთმანეთს უღირს სიტყვებს აღარ აკადრებენ.

პირზე ხელის აფარების წინააღმდეგ საფეხბურთო სამყარომ მას მერე გაილაშქრა, რაც ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკასა“ და „რეალის“ შეხვედრაში პორტუგალიური გუნდის არგენტინელმა გარემარბმა ჯანლუკა პრესტიანიმ ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. პრესტიანის ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.  

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.