მას მერე, რაც 16 თვის წინ „პარი სენ ჟერმენში“ გადმოვიდა ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევათა რიცხვი იზრდება. ქართველმა გარემარბმა შაბათს ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა („არსენალთან“ პენალტებით 1:1; 4:3) შემდეგ კი თავის ინდივიდუალურ მიღწევებს კიდევ ერთი დაამატა: ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2025 წელს ეს წოდება ოსმან დემბელეს ერგო.
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 16 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გადააწოდა. კვარაზე მეტი ევროპაში მხოლოდ კილიან მბაპემ (15) და ჰარი კეინმა (14) გაიტანეს.
დიდ მატჩებში დაგროვებული კაპიტალი
სტატისტიკა გვერდით იყოს და კვარაცხელიამ პსჟ-ს ევროპულ კამპანიაში საკვანძო მომენტებში გაიბრწყინა. მერვედფინალში „ჩელსისთან“ შეცვლაზე შესულმა თამაშის ბედი შემოატრიალა, როდესაც 28 წუთში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა (5:2). მან ლონდონში, საპასუხო შეხვედრაშიც ჩაიდინა გმირობა ― მე-6 წუთზევე შეაგდო და პარიზელების შემდეგ ეტაპზე გასვლა უზრუნველყო (3:0).

კვარა აქ არ გაჩერებულა. „ლივერპულთან“ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში გოლი გაიტანა (2:0), მეორეში კი საგოლე პასი გადააწოდა (2:0). ქართველმა ორი გოლით თავისი მასტერკლასი ჩაატარა „ბაიერნთან“ (5:4) საკულტო პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, მეორეში კი მე-3 წუთზე ოსმან დემბელეს ასისტენტობა გაუწია და ფინალში გასვლა დაიბევა.
მარცხენაფლანგელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში სულ მცირე ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა.
სიმბოლურ გუნდში დემბელე და მარკინიოსიც არიან
კვარაცხელია გახლავთ ერთი იმ ხუთი პარიზელიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. ქართველთან ერთად არიან ნუნუ მენდეში, მარკინიოსი, ვიტინია და ოსმან დემბელე. წლეულს ამ თერთმეტეულში ვერ მოხვდნენ დეზირე დუე და აშრაფ ჰაკიმი.
ელიას ლემერსიე, პარიზიენი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
