შიშველი კაცის ფაქტორი

UEFA Champions League - Real Madrid vs Bayern Munichჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ 1:2 წააგო „ბაიერნთან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი გმირით, მანუელ ნოიერით, თუმცა მატჩს წინ ექსცესიც უძღოდა: მადრიდული გუნდის ავტობუსს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ’’ მიემართებოდა, სტრიკერი გადაუხტა.

საერთოდ, „რეალის’’ ფანებს უყვართ „ბუსიანა’’, რაც მათ ენაზე საყვარელი გუნდის ავტობუსის შეგებებას ნიშნავს. „ბაიერნთან’’ თამაშის წინ როგორც The Athletic-ის ჟურნალისტმა გილერმო რაიმ დაწერა (და ნაწერს ფოტოებიც დაურთო), საქმეში შიშველი სტრიკერი ჩაერია, რომელსაც როგორც ჩანს დაბნეული პოლიციელი ხელითაც კი შეეხო. ავტობუსი ძალიან ნელა მოძრაობდა და მას პოლიციის ესკორტი აცილებდა.

ვერ გეტყვით რამდენად იმოქმედა შიშველი კაცის გადმოხტომამ „რეალის’’ ფეხბურთელთა  განწყობაზე, მაგრამ მოედანზე მათ მეტოქემ აჯობა. 41-ე წუთზე ანგარიში ბავარიელთა კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ლუის დიასმა გახსნა, 46-ე წუთზე ინგლისელმა ჰარი კეინმა მეორეც შეაგდო, 74-ე წუთზე კი მადრიდელთა ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ სხვაობა ერთამდე შეამცირა.