დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე

Home აქეთურ-იქითური დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე
დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე

2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელმა ოსმან დემბელემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზთან’’ ჩინებულად ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რომელთაც აქ გთავაზობთ.

– გვითხარით თქვენი პირველი გოლის შესახებ, როგორ შეასრულეთ მარცხენა ფეხით ეს შესანიშნავი დარტყმა შორიდან?

– ვფიქრობ, ათჯერ რომ ვცადო ასეთს მხოლოდ ერთხელ გავიტან. საბედნიეროდ, დღეს გამიმართლა. დავინახე, როგორ ეშვებოდა ბურთი ჩემკენ ნელა და ვიფიქრე, რომ პირდაპირ დარტყმა უნდა მეცადა. მართალი გამოვდექი.

– ეს თქვენი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო?

– ამ სეზონში „ლილთან’’ მეორე გოლი რომ გავიტანე ის უკეთესი იყო (ქვემოთ გთავაზობთ), თუმცა მართალია, ესეც არ იყო ცუდი. და მაინც ის მირჩევნია, „ლილთან’’ გატანილი.

– „ტულუზთან’’ გამარჯვება დროული იყო. წლეულსაც იმავე დინამიკას ინარჩუნებთ, რომელიც შარშან ამ დროს გქონდათ.

– ვიცით, რომ სეზონის ბოლო მონაკვეთში შევედით. წინ რთული მატჩები გველის და მათთვის კარგად უნდა ვიყოთ მზად. სანაკრებო კვირეულის შემდეგ ეს მატჩი ახალი ეტაპის ჩინებული დასაწყისია. „ლივერპულისთვის’’ კარგად ვემზადებით. ვფიქრობ, უკეთაც შეგვიძლია თამაში. როგორც მწვრთნელმა თქვა, პროცესში ყველა ბოლომდეა ჩართული. დარჩენილ დროში გუნდის ყველა წევრი დაგვჭირდება.

– გაგაკვირვათ მატვეი საფონოვის შეცდომამ?

– ჩვენ საფონოვს სრულიად ვენდობით. ის ძალიან კარგი მეკარეა, რაც ბევრჯერ დაუმტკიცებია.

– შეუძლია პსჟ-ს ორი ისეთივე მატჩის ჩატარება, როგორიც შარშან ჩაატარა „ლივერპულის’’ წინააღმდეგ?

– იმედი გვაქვს, რომ ორ კარ თამაშს ჩავატარებთ. ვიცით, რომ „ლივერპული’’ რთული მეტოქეა. შარშან პრობლემები გვქონდა, საქმე პენალტებამდეც კი მივიდა. ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შევეცდებით საუკეთესო მხრიდან წარმოვჩნდეთ.

– ფიქრობთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვებაზე?

– რასაკვირველია. როდესაც სეზონი იწყება, ჩვენ ყველაფრის მოგებას ვაპირებთ. შევეცდებით შევინარჩუნოთ როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ლიგა 1-ის ტიტული.

– ოთხშაბათს უგო ეკიტიკე პსჟ-ს დაუპირისპირდება. ნაკრებში რომ შეხვდით ამაზე ხომ არ გილაპარაკიათ?

– ცოტა ვილაპარაკეთ. უგო დიდებული ფეხბურთელია და თან კარგ ფორმაშია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ წინააღმდეგ ხეირიანად ვერ ითამაშებს (იცინის).