ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზი’’ 3:1 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოეწონა, ფრანგული მედია ორი გოლის ავტორმა ოსმან დემბელემ აღაფრთოვანა. სოლიდური სანახაობისა და ეფექტური დემბელეს წყალობით „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზს’’ 3:1 მოუგო და შემდეგ კვირას ცხრილის სათავეში გაატარებსო, დაწერა maxifoot-მა. ანგარიში მართლაც საოცარი დარტყმით დემბელემ 23-ე წუთზე გახსნა. 27-ეზე დანიელმა რასმუს ნიკოლაისენმა მატვეი საფონოვის შეცდომით ისარგებლა და გაქვითა, მაგრამ 33-ე წუთზე კვარაცხელიას თავური პასით დემბელემ მეორე შეაგდო, ხოლო 90+2 წუთზე გონსალო რამუშმა ოსტატური დარტყმით მატჩს წერტილი დაუსვა.
პარიზელებმა „ლივერპულთან’’ შეხვედრის წინ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენეს – სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ პორტუგალიელები ვიტინია, ჟოაო ნევეში და ნუნუ მენდეში. ამასთან ლუის ენრიკემ თავს ერთგვარი ექსპერიმენტის უფლება მისცა და ცენტრალური მცველი ბერალდო ნახევარდაცვის შუაში ათამაშა. ბრაზილიელმა ამოცანას კარგად გაართვა თავი.
ზემოთ ხსენებულმა maxifoot-მა კვარაცხელიას 7.5 ქულა დაუწერა. მასზე მეტად პორტალს ფრანგები დემბელე და უორენ ზაირ-ემერი მოეწონა. კვარას თამაში საიტმა ასე დაახასიათა: „გარემარბი ამ შეხვედრაში შეტევაში ძალიან აქტიური იყო და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ყველაზე მეტად ქართველმა თავი თავური დარტყმით გამოიჩინა, რომელმაც დემბელეს მეორე გოლი მოიტანა. ის აგრეთვე გამოირჩეოდა სახიფათო გარღვევებით, დარტყმებით და მოცულობითი მუშაობით დაცვაში. გოლი არ გაუტანია, მაგრამ შეხვედრაზე დიდი გავლენა მოახდინა’’.
footmercato-მ კვარაცხელიას 6 ქულა დაუწერა. საიტმა მის მსგავსად შეაფასა აშრაფ ჰაკიმი, ხოლო დემბელეს (8) და ზაირ-ემერის (7.5) უფრო მაღალი შეფასება მისცა.
„პირველი გოლის დროს გადამწყვეტი საგოლე პასის ავტორი ბურთის შენარჩუნების საკითხში შეუფასებელი იყო (11 დუელი მოიგო). ის ჩვეულებრივზე ნაკლებად მწვავედ თამაშობდა, პირველ ადგილზე გუნდს აყენებდა. შექმნა კარგი მომენტიც, რომელიც შეიძლებოდა გოლით დაფასებულიყო’’, – დაწერა პორტალმა, ოღონდ არ არის გამორიცხული, რომ ამ ტექსტის ავტორები საგოლე პასს პირველი კი არა მეორე გოლის დროს გულისხმობდნენ.
რაც შეეხება სხვა საიტების შეფასებას:
flashscore – 9.0 (მეორე შეფასება დემბელეს შემდეგ); sofascore – 8.0 (მეორე შეფასება დემბელეს შემდეგ); whoscored – 8.4 (მეორე შეფასება დემბელეს შემდეგ); fotmob – 8.9 (მეორე შეფასება დემბელეს შემდეგ).
