13 მაისს აღარ…

Home აქეთურ-იქითური 13 მაისს აღარ…
13 მაისს აღარ…

Pierre KALULU of France during friendly match between Colombia and France at Northwest Stadium on March 29, 2026 in Landover, United States.ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ერთ დღეს ასეთი მნიშვნელობა, მაგრამ საფრანგეთში საყურადღებო ამბად იქცა ის, რომ ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიას 13 მაისის ნაცვლად 14 მაისს გამოაქვეყნებს.

მიზეზი: „ლანსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-იშ შეხვედრა კალენდრის თანახმად 11 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი ის ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სა „ლივერპულის’’ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრას შორის ექცეოდა, პარიზულმა კლუბმა დასვენების დღე ითხოვა. „ლანსი’’, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უარზე იყო, მაგრამ საფრანგეთის ფეხბურთის ლიგამ თავისი უფლებით ისარგებლა და შეხვედრის თარიღი შეცვალა.

ამასობაში, ბრაზილიის ნაკრების 2:1 ძლევის შემდეგ საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. დიდიე დეშამის გუნდი ამჯერად კოლუმბიას შეხვდა და 3:1 მოუგო. ფრანგთაგან ორი გოლი დეზირე დუემ გაიტანა, ხოლო ერთი მარკუს ტურამმა. კოლუმბიელთაგან ერთადერთი საპასუხო არგენტინული „როსარიო სენტრალის’’ თავდამსხმელმა ხამინტონ კამპასმა შეაგდო.

საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ამ მატჩის წინ ჟურნალისტებს ამერიკული შთაბეჭდილებები გაუზიარა და ზაფხულში მოსალოდნელ პრობლემებზე ილაპარაკა.

„კლიმატისა და ტემპერატურის თვალსაზრისით ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. გადაადგილებასთან დაკავშირებით კი დამხვდა პრობლემები, რომელთა შესახებაც ადრეც ვიცოდი. აქ სირთულე მანძილი კი არა, დროა – მაგალითად ვარჯიშის გადადება დღესაც მოგვიწევს, რადგან ავტობუსი საცობში მოექცა. კიდევ, როდესაც აქეთ მოვემგზავრებოდით აეროპორტში წარმოუდგენლად დიდხანს დავყოვნდით. ისეთი შემოწმებები გაგვატარეს, ცხოვრებაში რომ არ მინახავს, მაგრამ არა უშავს. შევეჩვევით. ბოსტონში ჩამოსვლად ღირდა, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეპეტიციაა.

მე აშშ-ში შარშან ზაფხულში, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიყავი და ვიცი, რომ დღევანდელ სირთულეებს სიცხე დაემატება, ამიტომ ძალთა აღდგენას დამატებითი მნიშვნელობა მიეცემა. მედიის წინაშე წარდგომას სტადიონზე, საწვრთნელი ბაზიდან 45 წუთის სავალში გვავალდებულებენ. რაკი სიცხეში ძალების აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, ჩვენ შევეცდებით მოედანს გარე აქტივობა მაქსიმალურად შევამციროთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრების გამართვა ხომ 15 და 17 საათზე გვიწევს’’, – თქვა დეშამმა.

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრა ნიუ იორკში, ფილადელფიასა და ბოსტონში აქვს დანიშნული.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.